უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სტუდენტების ბრალდებებს უარყოფენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თსუ-ის სტუდენტები აქტიურად აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, რომლის ინიციატორები და მხარდამჭერები, მათ შორის, მათი ლექტორებიც იყვნენ. მაგალითად, ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე.

  • მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას კანონის ჩაგდება მოუწია, სტუდენტურმა პროტესტმა აკადემიურ სივრცეში გადაინაცვლა და რუსული კანონის მხარდამჭერი ლექტორებისადმი ბოიკოტით გაგრძელდა.
  • 18 მარტს მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიცია შევიდა.
  • სტუდენტები ამბობენ, რომ მთავრობა მათ დაშინებას პოლიციური რეჟიმით ცდილობს.

დეტალები: თსუ-ში აცხადებენ, რომ სტუდენტური მოძრაობა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საერთო საცხოვრებელში არა პოლიციელები, არამედ მართლწესრიგის ოფიცრები იმყოფებოდნენ.

  • "ყოველწლიურად მართლწესრიგის ოფიცერი, წელიწადში ერთხელ, დადის ოჯახებში, მათ შორის, სტუდენტურ საცხოვრებელში. აკაკუნებს კარზე და ამოწმებს, ვინ ცხოვრობს. გაუღებენ, ჰკითხავს, სახელს და გვარს, არ გაუღებენ — არავინ არ ამტვრევს კარს", — ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი On.ge-სთან საუბარში.
  • კითხვაზე, რატომ გაეცნენ ისინი სტუდენტებს ვაკის პოლიციის თანამშრომლებად, გვითხრეს, რომ მართლწესრიგის ოფიცრებიც შსს-ს დაქვემდებარებაში არიან.
  • "ვაკეშია ბაგების საცხოვრებელი და ცხადია, ვაკის პოლიციის მართლწესრიგის ოფიცრები მოვიდოდნენ".

უნივერსიტეტის განმარტებით, პერსონალური მონაცემები, რომელთა შეგროვებაზეც პოლიციის მხრიდან სტუდენტური მოძრაობა საუბრობს, მხოლოდ სახელი და გვარია.

  • "ხვალ უნივერსიტეტი, იმის გამო რომ დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი, ოფიციალურად მიმართავს შსს-ს, რომ გვითხრას ოფიციალურად, რა ღონისძიება იყო ეს. იმავეს გვეტყვის, მაგრამ ოფიციალურად რომ გვითხრან", — ამბობენ თსუ-ში.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის მასშტაბით 2022 წელს ამოქმედდა.

  • შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ მათი კომპეტენცია მოიცავს არასრულწლოვანებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას.
  • უწყების თანახმად, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.