საქმე ეხება ჟურნალისტ ნატო გოგელიას, რომელიც მასზე განხორციელებული ბულინგის, მუქარისა და თავდასხმის ფაქტებზე საუბრობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 15 მარტს TV პირველის ჟურნალისტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ტელეფონი წაართვეს და დაუზიანეს.

  • არხის ინფორმაციით, თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძეა და ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც 14 მარტს, ზურაბ მორგოშიასთან და სხვა პრორუს მოძალადეებთან ერთად პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა.
  • 17 მარტს საგამოძიებო სამსახურმა გოგელიაზე თავდამსხმელი პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა.

ჟურნალისტის თქმით, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია სოციალურ ქსელებში.

  • "ის, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეების და პუტინის მეხოტბეებისთვის ყველაფერი "გაპრავებულია" ესეც ფაქტია, მაგრამ ზღვარი მართლა არაფერში გაქვთ? [...] დადეთ ერთი კადრი, სადაც ვინმეს ზედმეტი ვაკადრე! დადეთ ერთი კადრი, სადაც ჟურნალისტური ეთიკა დავარღვიე!
  • ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს, ალბათ, ხვდებით, რომ უკან არაფერზე დავიხევ", — წერს გოგელია.

დეტალები: მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს როგორც ჟურნალისტთა უფლებების დაცვის, ისე მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად.

  • ორგანიზაცია TV პირველის ინტერესებს სასამართლოში იცავს.