დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ფორმულასთან საუბრობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევა მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა.

  • მათივე თქმით, ერთი წლის წინ რესპუბლიკურის მედპერსონალს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციაზე.
  • წერილში ნათქვამია, რომ კლინიკა გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და ამის შენარჩუნება აუცილებელია.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეისთვის ქვეყანას არ აქვს არც ერთი ნამდვილი ე.წ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.

  • "ეს უნდა იყოს უნივერსიტეტთან დაახლოებული და უნივერსიტეტთან მჭიდრო კონტრაქტით მომუშავე დაწესებულება ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩვენი რეზიდენტებისთვის, ჩვენი უწყვეტი განათლებისთვის, რომელიც ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია დღეს ჯანდაცვის სისტემაში და მისი შემდგომი განვითარების", — განმარტავს გამყრელიძე.
  • მისი თქმით, ამის კარგი პრეტენდენტი არის რესპუბლიკური საავადმყოფო.
  • მისივე თქმით, ჩასატარებელია სვოტ ანალიზი, რა იქნება უპირატესობა რესპუბლიკურის ადგილზე დარჩენის, მისი გადაკეთების, მისი გაფართოების, ახალი შენობების გვერდზე აშენებისა და თანდათან განვითარების.
  • ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საავადმყოფო ძალიან სტრატეგიული დაწესებულებაა.
  • ასევე ამბობს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს იქ მომუშავე ასობით მომუშავე კვალიფიციური კადრი.
  • "ბოლო სამ წელიწადში რესპუბლიკური ერთ-ერთი მთავარი ბაზა იყო კოვიდ პანდემიასთან ბრძოლისთვის, ამიტომ ამ ხალხს უნდა გაეწიოს ანგარიში", — თქვა გამყრელიძემ.
  • ის მოკრძალებულად ურჩევს სამინისტროს, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს ამ საკითხზე, დაიდოს გეგმა რას ვაპირებთ და იქნებ, ეს გეგმა მართლა ძალიან კარგია.
  • "მდებარეობის შეცვლა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტთან", — თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას არ აქვს ამ წლების განმავლობაში ნანახი საექსპერტო დასკვნა, სადაც წერია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და მსგავს შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, რასაც თანამშრომლებიც გაეცნობიან.

  • ყველაფერს სჭირდება საფუძველი და მან არ იცის რა მოტივითა და საფუძველი არის დემონტაჟისთვის.
  • ამბობს, რომ არ იცის რა მიზეზის გამო გახდა თემა აქტუალური და მიიჩნევს, რომ საავადმყოფო საუკეთესო ადგილზეა როგორც სერვისების ხელმისაწვდომობის, ისე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სტუდენტებისთვის.
  • მისი თქმით, დემონტაჟზე საუბარი იყო 2013-2015 წლებშიც, თუმცა არასაკმარისი საფუძვლისა და მტკიცებულებების გამო, ამაზე საუბარი შეჩერდა.
  • "მჯერა, რომ ახლაც მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს როლი ქართულ მედიცინაში ძალიან დიდია და ის ქართული სამედიცინო საზოგადოების ე.წ აკვანია", — ამბობს ტიკარაძე ტორმულასთან.