რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე კვირის წინ BBC Eye-მ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხილა.

  • საზღვარგარეთ მყოფმა კეზერაშვილმა ბრალდებები თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ BBC-თან კითხვები აქვს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.
  • მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან გასვლას არ განიხილავს, თავისი წილების 25% გადასცემს ფორმულას თანამშრომლებს და გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას.
  • "მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც", — ეწერა კეზერაშვილის წერილში.
  • ამის შემდეგ ფორმულას დანარჩენმა დამფუძნებლებმა, მიშა მშვილდაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ განმარტეს, რომ მოამზადებდნენ სიას და ეს 25% გადაეცემოდა ჟურნალისტებს, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს ეკრანებიდან და მათაც, ვინც კადრს მიღმა დგას, მაგრამ დიდ როლს თამაშობს ტელევიზიის მაუწყებლობაში.
  • როგორც გუმბარიძემ მაშინ განაცხადა, ამ პაკეტის მფლობელი პირები შექმნიდნენ ორგანიზაციას, სადაც აირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელსაც წარადგენენ ფორმულას მმართველ ორგანოში.
  • ამის შემდეგ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს, შესაბამისად საჯარო რეესტრში წილების გადაფორმებას ვერ შეძლებდა.

რა ხდება ახლა: ფორმულას დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, რომ ფორმულას თანამშრომლები დააფუძნებენ არაკომერციულ იურიდიულ პირს (ააიპი), რომელშიც 40 თანამშრომელი გაერთიანდება.

  • მათ უკვე შერჩეული ჰყავთ გამგეობის წევრები, რომელთა ვინაობაც გუმბარიძეს არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ერთი წლით გამგეობის თავმჯდომარე ნინო ჟიჟილაშვილი იქნება.
  • გუმბარიძემ თქვა ისიც, რომ კეზერაშვილს არ აქვს მოქმედი ქართული დოკუმენტები — მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ეცდება წილების გადაცემის პროცესის შეყოვნებას, რადგან კეზერაშვილს პასპორტის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ.
  • "ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ცხადია, არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვაზე. იმიტომ, რომ სხვა არანაირი ფუნქცია ამ პასპორტს დავით კეზერაშვილისთვის არ გააჩნია", — განაცხადა გუმბარიძემ.
  • მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ამ გარიგებას დაარეგისტრირებენ ნოტარიულად და ის იურიდიულ ძალას მოიპოვებს მაშინ, როცა კეზერაშვილის პასპორტის პრობლემა მოგვარდება — ანუ, ჯერ წილებს ვერ გადაიფორმებენ.
  • გეგმაში აქვთ, ჩამოყალიბდეს ბორდი, რომელშიც დამფუძნებლებთან ერთად შევა ნინო ჟიჟილაშვილი.
  • "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გვესხმიან თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ მუდმივი ზეწოლის პრობლემა და ჩვენი არხიც, როგორც გითხარით, არის დახურვის საფრთხისა და წილის წაღების საფრთხის წინაშე, მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არაფრით გადავუხვიოთ ჟურნალისტურ სტანდარტს", — განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

გაიგეთ მეტი BBC-ის გამოძიებაზე: