რატომ არის მნიშვნელოვანი: ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში ქორწილს იხდის. ამას მისი ინსტაგრამ პოსტები ადასტურებს.

  • სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს, თუმცა რთულია იდენტიფიცირება, სად.
  • მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო, რომელსაც ლავროვასთვის თაიგული უნდა მიეტანა.
  • სასტუმროს წარმომადგენელი ჟურნალისტს პასუხობს, რომ ყვავილები სწორად მიაქვთ.
    არსებული ინფორმაციით, სტუმრების ნაწილი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.
  • Kvareli Lake Resort-მა განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ლავროვის შვილი მათთან იმყოფება.

დეტალები: ყვარელში, სასტუმროსთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების იქ ყოფნასა და დაგეგმილ ქორწილს აპროტესტებენ.

  • ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დიდი რაოდენობა, მათ შორის, ნიღბიანი სამართალდამცავები.
  • ისინი ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს და ტერიტორიიდან გაჰყავთ.
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, უკვე დაკავებულია 15-მდე აქტივისტი, რომელთა ადგილმდებარეობის გარკვევასაც ცდილობენ.
  • როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაკავებულთა რაოდენობა ზუსტდება.