ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა.

  • მალევე მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ პრეზიდენტს ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
  • ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილი ერთხმად გააკრიტიკა — ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და "რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ".

დეტალები: კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

  • ისევ გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
  • "კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, [...] პრეზიდენტს კი მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში", — თქვა მან.
  • კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი "კონტრპროდუქტიულია კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი".
  • "კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს — ეს არის იმპიჩმენტი", — აღნიშნა კობახიძემ.
  • თუმცა, აქვე დასძენს, რომ "არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია".
  • მისი თქმით, იმპიჩმენტს 100 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება.
  • "პირდაპირ გეტყვით, კოლექტიური ნაცმოძრაობის გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით. [...] ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია".

იმპიჩმენტის აღსაძრავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები შეგროვდება და შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.