რა ხდება? დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

  • ამით დააკმაყოფილა მმართველი პარტიის დეპუტატების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან სასამართლოს დასკვნას.
  • "პირიქით, მას უწყობენ იმპიჩმენტს იმის გამო, რომ იგი აკეთებდა ყველაფერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა ამ ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში", — აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

რას ნიშნავს იმპიჩმენტი?

  • კანონი განმარტავს, რომ იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ

  • პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ — პოლიტიკური საკითხია.
  • იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციოს დასკვნის შემდეგ, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი მიიჩნევა მოხსნილად და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია ამ თანამდებობის პირის მიმართ იმავე ბრალდების წარდგენა.

პროცედურულად: კონსტიტუციის დარღვევის მიზეზით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი იმპიჩმენტის შესახებ.

  • იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დაისმება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
  • საქართველოს პრეზიდენტი ჩაითვლება იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა.

პოლიტიკური კონტექსტი: მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, პარლამენტში არ ჰყავს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 დეპუტატი — ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

  • იმპიჩმენტის პროცესისთვის მათ სჭირდებათ ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა.
  • "იმედს ვიტოვებთ, რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი, ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს", — თქვა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ.