დასავლური მედიის ცნობით, აშშ-სა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბუნებრივი რესურსების შესახებ პროგრესირებს და მალე მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობებს მჭიდროდ დააახლოებს ერთმანეთთან.

გასულ კვირას, სწორედ ამ საკითხის ირგვლივ უთანხმოების ნიადაგზე დაიძაბა ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის დაჩქარებული წესით მიღწევასაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი ცდილობდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ შეთავაზება უსაფრთხოების გარანტიებს არ მოიცავდა.

ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს "დიქტატორიც" კი უწოდა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

ასევე იხილეთ: ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა

მიუხედავად ამისა, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კიტ კელოგის კიევში ვიზიტისას.

Associated Press-ის ცნობით, მოლაპარაკებებში ჩართულები, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, იყვნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკიც.