საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის იზიარებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს. ის ამბობს, რომ დღეს მოქმედი ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები არ მუშაობს.

"შსს-მ მაქსიმალურად უნდა დაიცვას აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება, არ დაარღვიონ მათი უსაფრთხოება და არ მოხდეს უკანონო დაკავებები. ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეები პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმურ ფორმას იყენებენ და მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნებს", — აღნიშნა ლომჯარიამ On.ge-სთან საუბრისას მას შემდეგ, რაც აქცია დატოვა.

მისი თქმით, მან უკვე მოინახულა დაკავებულები, რომლების წინააღმდეგაც საქმისწარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ 31 მარტს მშენებლობის დროს კიდევ ორი მუშა გარდაიცვალა. აქცია დაახლოებით ოთხი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ისინი პრემიერის, თბილისის მერის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების ადგილზე მისვლამდე დაშლას არ აპირებენ. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანი ადგილზე მისვლას ახლა არ გეგმავს.