რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის წილების გადაფორმება არ შეუძლია და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა.

"დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა... ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ამ კომპანიის წართმევა, ვიდრე არ ამოიწურება ყველა შესაძლებლობა, ჩაითვლება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობად", — განმარტა გვარამიამ წულუკიანის საპასუხოდ.

მისი თქმით, თუ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი შეიცვლება, სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება ამ მოცემულობის დაბრუნება.

რუსთავი 2-ის დირექტორმა იუსტიციის მინისტრს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება შეახსენა, სადაც ის უთითებდა, რომ საქმე ვერ აღსრულდებოდა, რადგან გასაჩივრების მექანიზმიც ჰქონდათ.

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 18 ივნისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხალვაშსს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია, არხის დირექტორი კი ამბობს, რომ დიდ პალატაში დავის დასრულებამდე მეწილეების ცვლილება იქნება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობა.