თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"უკანსკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვენელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება — გამოჩდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა", — წერს კეზერაშვილი.

მისი თქმით, დიდ საფრთხედ მიაჩნია "მმართველი გუნდის ხელში მედიარესურსების სრული კონცენტრაცია", რაც მისივე თქმით, "გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები".

კეზერაშვილი ამბობს, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია.

"სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას — არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში", — აღნიშნავს კეზერაშვილი.

მისი თქმით, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროპაში მოლაპარაკებები დაწყებული აქვს, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.

"იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე, ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად", — წერს კეზერაშვილი.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფორმულა კრეატივი ტელევიზიის გახსნას გეგმავს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის გახსნასაც ნიკა გვარამია გეგმავს.