ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. არხი მაუწყებლობის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს.

როგორც ახალი ტელევიზიის მომავალი დირექტორი, ზუკა გუმბარიძე On.ge-ს ეუბნება მათ საერთო მაუწყებლობის (საინფორმაციო და გასართობი პროგრამების) დაწყება სურთ, არხის ნახვა კი მთელი საქართველოს მასშტაბით, "სახლის ანტენებით", სატელიტური თეფშითა და საკაბელო კომპანიების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ფორმულა კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

ამავე თემაზე: ფორმულა კრეატივის ტელევიზიას "ფორმულა" ერქმევა