დეპუტატ ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ დაადასტურა.

"არავისთვის უცხო და მოულოდნელი არ ყოფილა ის გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ მიიღო. მისი მთელი რიგი პოზიციები, განცხადებები არანაირად არ შეესაბამებოდა იმ პოზიციას, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია", — თქვა ვოლსკიმ.

ბიძინა გეგიძე მმართველი პარტიისა და პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

25 ივნისს ბიძინა გეგიძემ თქვა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე პასუხიმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება და მის ადგილას გადადგებოდა.

19 აგვისტოს გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს და გეგიძის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. გეგიძემ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.