ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად აცხობს ხაჭაპურს და კარგად აკეთებს მის საქმეს. ასე გამოეხმაურა ცქიტიშვილი ხაზარაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას.

"მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს", — თქვა ცქიტიშვილმა.

მან ახალგაზრდა გოგოებს მოუწოდა, არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებსა და დამოკიდებულებას, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რაც უყვართ და მიხედონ თავის ოჯახსა და ქვეყანას.

დღეს, 3 ოქტომბერს თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის გასაკრიტიკებლად სექსისტური გამონათქვამი გამოიყენა.