სასამართლოსადმი უპატივცემულობის მოტივით, სასამართლო დარბაზიდან, სადაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილება, გააძევეს რუსთავი 2-ის ორი ადვოკატი: დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

აღნიშნულს წინ უძღოდა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ ნიკა გვარამიას ბრალდებებზე პასუხის გაცემა. მის პასუხს დარბაზიდან რეპლიკები მოჰყვა, რის შემდეგაც, დამსწრეთა დიდი ნაწილი პროცესიდან გაუშვეს.

რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს, რადგან ის "მიკერძოებული და აგრესიულია". ამის გამო ის 300 ლარით დააჯარიმეს. 100 ლარით დაჯარიმდა რუსთავი 2-ის კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე. ადვოკატები ითხოვდნენ, სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის მიეცა სხდომაზე დასწრების საშუალება. გარდა ამისა, მათ მოითხოვეს ნათია გუჯაბიძის აცილება და სხდომის გადადება.

მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ სხდომის გადადებასა და ნათია გუჯაბიძის აცილებაზე უარი განაცხადა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატს სიტყვის წარმოთქმისკენ მოუწოდა, რისი საშუალებაც მას რუსთავი 2-ის ადვოკატებმა არ მისცეს. სწორედ ამის შემდეგ მურადაშვილი და ძაგნიძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს. პროცესზე სიტყვის წარმოთქმა დაიწყო ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს რუსთავი 2-ის სააპელაციო საჩივარს. სწორედ ამ ინსტანციამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.