ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი მთავრობის კანცელარიასაც დაადეს. საპროტესტო აქცია კანცელარიასთან მთავრობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელსაც რამდენიმეზოლიანი კორდონი ჰქონდა გაკეთებული კანცელარიის ჭიშკრამდე. ისინი არ ატარებდნენ აქტივისტებს, რომ სიმბოლურად გაეპროტესტებინათ მიმდინარე მოვლენები და ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ.

საპატრულო პოლიციციის უფროსი, ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, რომ ბოქლომი შენობის გვერდითა მხარეს, იქ დაედოთ, "სადაც კარები არ არის". საბოლოოდ, დემონსტრანტებმა ბოქლომი კანცელარიის გვერდითა ჭიშკარს დაადეს.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.