პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი "ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს". ამის შესახებ მან დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მისი მთავარი პრინციპი ის იყო, რომ საზოგადოებაში რაიმე ახალი ტიპის დაპირისპირებისთვის ხელი არ შეეწყო.

"სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მითუმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს. პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციებისგან დაცლას მოითხოვს. ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას.

ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ასევე, საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას. რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს",— განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მორატორიუმის შემდეგ პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. თუმცა, საპატრიარქოს შუამდგომლობის მიუხედავად, შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.