საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა საქართველოში ბავშვები არ შიმშილობდნენ. ასე უპასუხა მან უმრავლესობის დეპუტატს, რევაზ არველაძეს, რომელიც უკვე მეორე დღეა საეჭვოდ ხდის საქართველოში ბავშვთა შიმშილობის ფაქტს.

"ნამდვილად იყო ძალიან მწვავე დისკუსიის თემა ეს წლების წინაც და ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარის ბენეფიტი და ჯერ აღმასრულებელ ხელისუფლებას ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები არამხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი საზრუნავია და ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ პრობლემატიკის დაძლევას", — თქვა ტიკარაძემ.

გუშინ, 4 თებერვალს არველაძემ მთავარ არხთან საუბრის დროს თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. დეპუტატი, რომელსაც არ სჯერა, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, რამდენიმე ათეული ათასის ღირებულების ქონებას ფლობს.