ქართული ოცნება ევროპარლამენტარებს სთავაზობს, უგულავას საქმეზე შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი კომისია. სტრასბურგში ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და შეისწავლონ თბილისის ყოფილი მერის საქმე:

"კომისია უნდა დაკომპლექტდეს ევროპარლამენტარებით, რომლებიც ეწვევიან საქართველოს და ადგილზე შეისწავლიან მაგალითად, გიგი უგულავას საქმეს. ფაქტების დამდგენ მისიას ექნება წვდომა ყველა დოკუმენტზე. მისია შეისწავლის როგორც შინაარსს, ასევე, პროცედურულ მხარეს".

ამ თემაზე On.ge დაუკავშირდა ქართულ ოცნებას. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".