დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მოსახლეობას აძლევენ რეკომენდაციას არ გამოიყენონ ერთი კოვზი. მისი თქმით, რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან. ამ თემაზე პაატა იმნაძემ გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა.

"ჩვენ არ ვადგენთ რელიგიური რიტუალების წესებს, ჩვენ მოსახლეობას ვაძლევთ რეკომენდაციას. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები, ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, დააკვირდება, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამის გადაწყვეტილებას მიიღებს", — თქვა პაატა იმნაძემ.

ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომედაციას გაუწევდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. თუმცა, ისიც აღნიშნავს, რომ რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, "მორწმუნეები კი ამას არ უშინდებოდნენ".

"საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენა დაიცვან. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: