დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს სადეზინფექციო საშუალებების ქველმოქმედების ნიშნად გადაცემა შესთავაზეს. მისივე თქმით, ამ შეთავაზებაზე საპატრიარქოდან უპასუხეს, რომ "შეეხმიანებოდნენ".

"რამდენიმე იმპორტიორს მივმართე, რომ ხომ არ იყო საშუალება საპატრიარქოს სადეზინფექციო საშუალებების გარკვეული რაოდენობა ქველმოქმედების წესით გადავცეთ. მათ შორის თანხმობა განაცხადა ერთ-ერთმა და ჩვენ ეს ყველაფერი ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ არის მზადყოფნა. თუ გვეტყვიან, სად, რომელ ტაძრებში ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. მადლობა გადაგვიხადეს და გვითხრეს, რომ შემოგვეხმიანებიან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ეპარქიაში დეზინფექციის ჩატარებაზე უარს არ იტყოდა. მისი თქმით, ის რეკომენდაციები, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა საკმარისია და განსაკუთრებული განგაში არ აქვთ.

როგორც მეუფე ანტონი ამბობს, დღეს ზიარების წესზე ხალხი იმიტომ შფოთავს, რომ თავიანთ სიცოცხლეს უფრო უვლიან.

"დიდი სიამოვნებით, ნამდვილად კარგი იქნება, ჩვენ ამაზე უარს არ ვიტყვით არც ეპარქიაში, თუკი ამის შესაძლებლობა არის. ჩვენ ახლა მთლად ისე არ ვართ. ის, რაც ყოფით ცხოვრებაში არის, აუცილებლად ის პრევენციული ზომები მისაღებია. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ზიარებაზე, ეკლესიას არ ახსოვს მისი ისტორიის მანძილზე რაიმე პრეცენდენტი. ამაზე მეტი ყოფილა შავი ჭირი, რა არ ყოფილა, მაგრამ ერთი პრეცენდენტიც არ ახსოვს ეკლესიას, რომ ზიარებიდან ვინმე დაშავდა ან ვინმე გარდაიცვალა", — განაცხადა მეუფე ანტონმა TV პირველის ეთერში.

29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, "მორწმუნეები კი ამას არ უშინდებოდნენ".

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კი კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: