დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება.

ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას ათასამდე მოქალაქის ქვეყანაში უფასოდ ჩამოყვანის შესახებ.

"საქართველო იყო ერთ-ერთ ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას ამაში არავის დახმარება არ სჭირდება", — თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრის აზრით, თუ საქართველო დღეს შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ხელისუფლება პროფესიონალებს უსმენს.

"როდესაც ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვზივართ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ", — აღნიშნა მან.

გახარიას თქმით, ხელისუფლებას სიტყვიერი რჩევები არ სჭირდება და "თუ ვინმეს თავი აქვს", მივიდეს მოქალაქეებთან და არ ისაუბროს ტელევიზორიდან, "პოლიტიკური კეკლუცობისთვის".

"როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზეა საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის რჩევა, სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი მე, არ გვჭირდება. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმაროს, მოვიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვახმარონ და არა ტელევიზორიდან, პოლიტიკური კეკლუცობისთვის", — თქვა გახარიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ოთხ ფრენაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: