მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვით 3 ადამიანზე მეტის ერთად თავშეყრა კანონით აკრძალულია, ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ათობით მორწმუნეს ეკლესიაში მთელი ღამით, დილის 6 საათამდე დარჩენა შეუძლიათ. კვირიკაშვილი ამბობს, რომ "ტაძარი უფლის სახლია". ყოფილი მაღალჩინოსანი არ საუბრობს ვირუსის გავრცელების საშიშროებაზე ეკლესიაში.

გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, ფიქრობს, რომ ხალხმრავალი წირვები და საერთო კოვზით ზიარების წესის შენარჩუნება "უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა".

"საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს", — წერს კვირიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.