"აღარ მინდა არც იმის განხილვა, რომ სახელმწიფო სწორედ იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთიანია და არა ესე, რძალო შენ გითხარი, მულო შენ გაიგონეო. არამედ პირდაპირ, კანონი ყველასთვის კანონია. ამაზე ეგება სახელმწიფო", — ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის საგანგებო მდგომარეობის წესების შემსუბუქებას. მისი თქმით, ეკლესიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რწმენიდან გამომდინარე ისინი კანონზე მაღლა დგანან.

"უცნაური, აბსოლუტურად დამაბნეველი კონტექსტები მოდის, როდესაც ჩვენ გვესმის ინტერპრეტაცია უმაღლესი თანამდებობის პირებისგან იმისა, რასაც ქვია კანონი. ანუ სახელმწიფოში, სადაც მიღებულია კანონი, ამ კანონის ინტერპრეტაცია ხდება სხვადასხვა მიმართულებებით. გააჩნია შენ რომელი კონფესიის წარმომადგენელი ხარ. [...]

აღარ მინდა იმ დეტალებში შესვლა, რომ ქრისტიანობა სხვანარიად მესმის და ეს არის მოყვასზე ზრუნვა, ეს არის სუსტსზე ზრუნვა და მთელი კორონავირუსის პროცესი არის ზრუნვა ყველაზე სუსტებზე. [...]

აღარ მინდა იმაზე საუბარი, როგორ შეიძლება ქრისტიანი ისე მოიქცეს, რომ მისი მოყვარე ან მეორე ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩააგდოს", — განაცხადა მარგველაშვილმა TV PalitraNews-ის ეთერში.

კანონი ყველასთვის რომ ერთია ამაზე დღეს მოქმედმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სხვა რელიგიურმა კონფესიებმა დაიცვეს კანონი თავის დიდ დღესასწაულებზე და მოუწოდა მართმადიდებლებს, რომ თავადაც იგივე გააკეთონ.

ამავე თემაზე:

15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.

ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება.ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, რომ ყველა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: