პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკულ წერილს წერილით უპასუხა და ევროპელი პოლიტიკოსის წერილის შინაარსზე შეშფოთება გამოთქვა.

როგორც თალაკვაძე წერს, საქართველოს სასამართლოებს პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ და ამიტომ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია.

"შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ", — წერს თალაკვაძე.

მისივე თქმით, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი.

"როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და დახვეწის, აგრეთვე, მომავალში ჩვენი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების ერთგულნი", — წერს თალაკვაძემ.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. ის მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმება შეასრულოს.

კუბილიუსი წერილში გამოყოფს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და ამბობს, რომ მათი დაკავება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას.

"გლობალური პანდემიიდ გამო არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება, რომ შეთანხმება შესრულდება. რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად", — წერს ანდრიუს კუბილიუსი.

შეშფოთებული ვარ, თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში — თალაკვაძე ევროპარლამენტარს