პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, აინტერესებს, როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს. ასე გამოეხმაურა გახარია უკრაინის თანამდებობის პირების იმ განცხადებას, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის შიდა საქმეა.

"მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით", — განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარია ამბობს, გასაგებია, რომ სააკაშვილი დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ "რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად", მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს, თუ სად შეიძლება მისი დანიშვნა და სად არა. როგორც გამოცემა Unian წერს, აღნიშნული განცხადება ინტერვიუს დროს მინისტრმა მანამ გააკეთა, სანამ საქართველო უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩს გაიწვევდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ქართული მხარის რეაქციას შეცდომად აფასებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი შიდა პოლიტიკის საქმეა და მათი გადაწყვეტილებაა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.

ამავე თემაზე:

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ 28 სხდომა ჩაატარა. ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში გაიმართა.

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პრეზიდენტის ბრძანებით, ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.