პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ერვოპალამენტარის, ანდრიუს კუბიულიუსის კრიტიკულ წერილზე პასუხად ამბობს, რომ იგი სააკაშვილის მოკავშირეა და მთავრობის მართლმსაჯულებაში ჩარევის პრაქტიკა მისი პერიოდიდან ახსოვს.

მისივე თქმით, კუბილიუსის განცხადება სააკაშვილის კლასტერის პარტიების განცხადებას მნიშვნელოვანწილად ეხმიანება.

როგორც ვოლსკი ამბობს, კუბილიუსის განცხადებავევროკავშირის სახელით არ არის გაკეთებული, მაგრამ ევროპარლამენტის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს.

"არჩევნები არ არის ამათთვის მისაღები ფორმატი, ვინაიდან დესტრუქცია არის სტრატეგიული გეგმა. ამ სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კუბილიუსის განცხადება. არ ვიცი, ლიტვაში თუ არის ეს დასაშვები, ან რომელიმე სახელმწიფო თუ იცის ასეთი, სადაც სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურა ერევა მართლმსაჯულებაში და გადაწყვეტილებებს იღებს, ვინ დაიჭირონ და ვინ გაათავისუფლონ. ეს მის მოკავშირე სააკაშვილს ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ ეს პრაქტიკა აღარ არსებობს. ასე რომ, კუბილიუსს ის პერიოდი ახსოვს და აქედან გამომდინარე აკეთებს განცხადებას", — განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა. ის მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმება შეასრულოს.

კუბილიუსი წერილში გამოყოფს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და ამბობს, რომ მათი დაკავება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას.

"გლობალური პანდემიიდ გამო არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება, რომ შეთანხმება შესრულდება. რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად", — წერს ანდრიუს კუბილიუსი.