ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. მას არასწრულწლოვანის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებდა და არც გირაოს ოდენობა დაასახელა.

საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩოგბურთელს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.

"სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები, რომ ჩადენილიყო ახალი დანაშაული, განადგურებული მტკიცებულებები ან ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმალულიყო", — განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა. .

რაც შეეხება არსრულწლოვანს, პროკურორი ამბობს, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მტკიცებულებების შინაარსზე არ საუბრობენ. ამასთან პროკურორმა დაადასტურა, რომ ჩოგბურთელის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

"მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას ამ ეტაპზე არ მიუთითებს დაზარალებული, შესაბამისად ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ", — განმარტა პროკურორმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.