უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ძროხას უფრო ჰგავს, ვიდრე ხარს. ამ კომენტარით გამოეხმაურა ის მედიასთან დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებას, რომელმაც თქვა, რომ კობახიძე საარჩევნო სიის სათავეში ხარისთვის აფრიალებულ წითელ ნაჭერს ჰგავს.

"ოპოზიციას რაც შეეხება, ხარზე მეტად, ძროხას უფრო ჰგავს, ეს არის ოპოზიციის შეფასება. ეს არის რეალობა, რასაც ხედავს. საზოგადოება. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ, რომ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას საკუთარი ადგილი მიეჩინოს", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ოპოზიციას საზოგადოება საკუთარ ადგილს არჩევნებზე მიუჩენს. ეკა ბესელიამ მოგვიანებით კობახიძის გამოხმაურებაც შეაფასა და თქვა: "გამოთქმა არსებობს ერთი ძალიან კარგი, კოკასა შიგან რაცა დგას".

"ეს ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ. თუ ამ მოდელით მიდის ქართული ოცნება, რომ კობახიძის გარდა არავინ დარჩება, რომ სიის სათავეში ჰყავდეს, ეს ნიშნავს, სრულ კაპიტულიაციას არჩევნებში", — თქვა ეკა ბესელიამ.

კობახიძემ არც დაადასტურა და არც უარყო, რომ შეიძლება მმართველ გუნდს საარჩევნო სიასთან დაკავშირებით საუბარი ყოფილ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება ჰქონდეთ.