კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის პრემიერა, რომლის გადაღებაც 200 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, ორი კვირით გადაიდო. შესაბამისად, მაყურებლებს კიდევ უფრო დიდხანს მოუწევთ დალოდება, რომ ნოლანის ახალი ნამუშევარი შეაფასონ.

Tenet-ის პრემიერა, რომელშიც მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და რობერტ პატინსონი ასრულებენ, კინოკომპანია Warner Bros.-მა 31 ივლისამდე გადაწია. მანამდე დაგეგმილი იყო, რომ კინოგაქირავებაში ის 17 ივლისს ჩაეშვებოდა.

ასევე გადაიდო კიდევ ერთი გახმაურებული ბლოკბასტერის პრემიერა, რომლის ხილვასაც მილიონობით მაყურებელი მოუთმენლად ელოდება: ცნობილი სუპერგმირის შესახებ გადაღებული სიქველი Wonder Woman 1984 აგვისტოს ნაცვლად 2 ოქტომბერს გამოვა კინოთეატრებში.

ფოტო: Warner Bros.

მსოფლიოს დიდ ნაწილთან ერთად აშშ-ში კინოთეატრების უმეტესობა მარტიდან მოყოლებული დღემდე დახურულია. დიდმა კინოთეატრებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად, თუ როდის განაახლებენ მუშაობას, ხოლო თუ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან, რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა: კვლავ ივლიან მაყურებლები კინოში?

სწორედ ამის გამო განსაკუთრებულად ელოდებიან კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის გამოსვლას: მრავალი რისკის მიუხედავად, რეჟისორი მაქსიმალურად ცდილობს კინოთეატრებს მხარი დაუჭიროს და მაყურებლების მოზიდვაში დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, სხვა ბევრი პროექტისგან განსხვავებით თავისი ფილმის პრემიერის კიდევ უფრო გადადება არ სურს და კინოთეატრების გახსნას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით 24 ივლისს დაგეგმილია დისნეის ახალი პროექტის — მულანის პრემიერაც, შესაბამისად, თუ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კინოთეატრების დიდი ნაწილი მაინც მოახერხებს გახსნას, ვნახავთ, შეძლებენ თუ არა ასეთი ბლოკბასტერები პანდემიის პირობებში მაყურებლების კვლავ კინოში დაბრუნებას.