ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს Tbilisi Open Air აღარ ჩატარდება.

"ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია ოფენ ეარზე დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის", — წერენ ორგანიზატორები.

თავდაპირველად ფესტივალის გადადების შესახებ ორგანიზატორებმა აპრილის ბოლოს განაცხადეს. პოპულარული მუსიკალური ღონისძიება 26-27-28 ივნისს Lisi Wonderland-ში უნდა გამართულიყო და სცენაზე მსმენელები ისეთი შემსრულებლების ხილვას ელოდნენ, როგორებიც არიან SHE WANTS REVENGE, Aparat და LP. პირველადი განცხადებით, განიხილებოდა ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, "თუმცა ეს კვლავ ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული".

ფესტივალის 2021 წელს გადადება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება:

"2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე".

ორგანიზატორებმა Tbilisi Open Air 2021-ის ჩატარების თარიღი უკვე გვამცნეს. ღონისძიება უცვლელ ადგილას, ლისი ვანდერლენდზე 25-26-27 ივნისს ჩატარდება. მოლაპარაკების შემდეგ, წლევანდელი უცხოელი ჰედლაინერების უმრავლესობა თბილისში მომავალ წელს ჩამოსვლაზე და კონცერტის გამართვაზე თანახმაა.

ლაინაფში 2021 წელს ისევ იქნებიან:

  • Polo & Pan, LP, She Wants Revenge, Kite (Main Stage);
  • Konstantin, Robag Wruhme, Barac, Jennifer Cardini, Map.Ache (EyeStage);
  • Gaspard, Fungus Funk (Garden Stage).

წლევანდელი ლაინაფიდან ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი კვლავ იქნება Tbilisi Open Air-ზე. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 2021 წლის ფესტივალზე რამდენიმე უცხოელი ჰედლაინერი ყველა სცენაზე აუცილებლად დაემატება:

"საბოლოო ლაინაფს უკვე გაისად, გაზაფხულზე გაგაცნობთ. ყველა, ვისაც 2020 წლის ფესტივალის აბონემენტი ჰქონდა შეძენილი, ბუნებრივია, TOA 2021-საც უფასოდ დაესწრება".

ყველა, ვისაც ფესტივალის წლევანდელი აბონემენტი ჰქონდა ნაყიდი და არ დააბრუნა, საჩუქრად ფესტივალის 10-წლიანი საშვი გადაეცემა. სასაჩუქრე საშვები სექტემბერში გაიცემა.