საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

"სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია ნოტარიუსის რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ დაანებოთ იქნებ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერ ნოტარიუსს, იქნება ეს თუ ის, თუ ინპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესი, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება. ნუ აპოლიტიზებთ ამ თემას და ნუ მაფიქრებინებთ, საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია", — თქვა მან.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ "ეს ფორმატი", ანუ მთავრობის ერთი წლის ანგარიში, კონკრეტულ ქეისებზე სასაუბროდ არ არის და როცა თვითონ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში წარსდგება, საქმეებზე დეტალურად მაშინ ისაუბრებს.

"არ მგონია, რომ ეს ფორმატი იმისთვისაა, რომ თქვენ განგახილინოთ აქ იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე. როცა წარვსდგები, უფრო მწვავე ან უფრო მშვიდ ტონში შეგვიძლია განვიხილოთ", — თქვა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის წინაშე არჩევნებამდე წარსდგება.

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვება, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი და დღემდე არანაირი ბრძანება არ მიუღია. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".