ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 29 ივნისის სხდომაზე გაირკვა, რომ არსებობს რურუას დაკავების ამსახველი ჩანაწერი, რაც გამოძიებამ არ მოიპოვა და არ წარადგინა სხდომაზე. კერძოდ, ადვოკატი გულისხმობს ერთ-ერთი კომპანიის შენობის ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რომელთა მხოლოდ ნაწილი ამოიღო გამოძიებამ.

"აქამდე დავკითხეთ ერთი პირი, კერძოდ იმ შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელზეც განთავსებული იყო გარე პერიმეტრის ვიდეოკამერები. მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 6 კამერაა დამონტაჟებული და მათგან ერთი არ მუშაობდა და ის ერთი იყო კამერა რომელიც იყურებოდა გიორგი რურუას დაკავების ადგილიდან.

დღეს დავკითხეთ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ყველა კამერა ახორციელებდა ჩაწერას. ასევე, ვაჩვენეთ კადრები და მოგვინიშნა ადგილი, რომელზეც რურუას დაკავება უნდა ყოფილიყო ასახული. ეს ადგილ ხვდება კამერის თვალთახედვის არეში, თუმცა გამოძიებას ეს ჩანაწერი არ ამოუღია. თუკი აქამდე გვქონდა მოცემულობა, რომ ექვსი კამერიდან ის იყო გაფუჭებული, რომელსაც უნდა დაეფიქსირებინა გიორგი რურუას დაკავება, დღეს გაირკვა, რომ ამ კამერის ჩანაწერი არსებობს, თუმცა ცხადია, გამოძიებამ იგი არ მოიპოვა და არ წარადგინა. ამ ჩანაწერზე უტყუარად იქნება დადასტურებული, რომ გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი", — ამბობს საძაგლიშვილი.

სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას, მოწმემ თქვა, რომ ზუსტად არ იცის გარე პერიმეტრზე რამდენი კამერა იყო, თუმცა 5 კამერის ჩანაწერი არსებობს და ხუთივე მუშაობდა. ამ კამერებიდან გამოძიებამ ამოიღო ის კადრები, რაც მათი თქმით, სჭირდებოდათ.

"კამერა რომელიც არ მუშაობდა, შიდა პერიმეტრს, მესამე სართულს უყურებდა", — თქვა მან.

მოწმის ეს ჩვენება გახდა გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენების საფუძველი დაცვის მხარისთის, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორმა ვასილ სამხარაძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კერძო კომპანიის შენობის არცერთი კამერა არ უყურებს უშუალოდ იმ ადგილს, სასაფლაოსთან, სადაც ჩხრეკა-დაკავება მოხდა.

"მოწმეს არ უთქვამს რომ ჩხრეკას ან დაკავებას იღებდა რომელიმე კამერა, ან ასეთი ბუნებაში არსებობს. მოწმემ თქვა, რომ რაც კი კამერაა, ყველა წარმოდგენილია. მოწმემ დაადასტურა რომ ამ ხუთი დაფარვის ზონის გარდა სხვა კამერა არ არსებობს".