წარმოგიდგენთ ახალბედა მშობლებს — ელექტრას და ვიოლას!

გასულ კვირას ესპანეთში მდებარე Oceanogràfic València-ს აკვარიუმმა ელექტრას და ვიოლას გულშემატკივრებს ამცნო, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილს შვილი ეყოლა, მას შემდეგ, რაც აკვარიუმის ისტორიაში პირველად მათ კვერცხი იშვილეს.

აკვარიუმმა, სადაც ამჟამად 25 ჯენტუს სახეობის პინგვინი ცხოვრობს, სოციალურ მედიასა და ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტებში აღნიშნა, რომ თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ შენიშნეს, როგორ ემზადებოდა წყვილი გასამრავლებლად — ერთად აგებდნენ ბუდეს ქვებისგან. ამიტომ აკვარიუმის მომვლელებმა გადაწყვიტეს, სხვა წყვილის განაყოფიერებული კვერცხი მათთვის მიეცათ.

პოსტში წერია, რომ ელექტრამ და ვიოლამ "მშობლობისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმატებით გაართვეს თავი და მალევე მათ პირველი შვილი ეყოლათ".

"ძალიან ვამაყობთ დედებით", — აღნიშნავენ აკვარიუმის თანამშრომლები.

ფოტო: Oceanogràfic València

კრუხობის პერიოდი პინგვინებში, დაახლოებით, 38 დღე გრძელდება. როგორც წესი, თითოეულ ოჯახში ორი პატარა იბადება, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრებას 75 დღის შემდეგ იწყებენ. ამ დროს მათი მასა 6-7 კილოგრამია.

ფოტო: Oceanogràfic València

მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ელექტრა და ვიოლა "გამორჩეულ წყვილად" არიან მოხსენიებულნი, აკვარიუმი აღნიშნავს, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილები არცთუ უჩვეულო მოვლენაა.

არც ელექტრა და ვიოლა არის პირველი ერთნაირსქესიანთა წყვილი, რომელმაც მშობლობა გადაწყვიტა. 2018 წელს ავსტრალიაში ორმა გეი პინგვინმა — მეჯიქმა და სპენიმ — კვერცხი იშვილა და მასზე ზრუნვა დაიწყო. აი, ლონდონის ზოოპარკში კი, მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და პინგვინების პრაიდიც გამართეს.

"ერთნაირსქესიანი ინდივიდების ურთიერთობა გამოვლენილია ცხოველების 450-ზე მეტ სახეობაში — როგორც ველურ ბუნებაში, ასევე ზოოპარკებში", — წერია პოსტში, — "თუმცა ეს ჩვენს აკვარიუმში პირველი შემთხვევაა, ასე რომ... კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, პატარავ!"