როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციის ხრიკებს, სიცრუესა და ქაოსს ინტერნეტში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

დეზინფორმაცია და მისი გავლენა

ბოლო პერიოდში, სოციალური ქსელები დეზინფორმაციით და ერთი შეხედვით, უწყინარი ხუმრობებითაა მოცული. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორისათვის. თუმცა, მასთან საბრძოლველად ისინი განსხვავებულ გზას ირჩევენ. ზაფხულის დასაწყისში თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ეგრეთ წოდებულ ფეიკნიუსებთან გასამკლავებლად "სიმართლის მუშტის" გამოყენება გადაწყვიტა და მის "ცხვირ-პირში" მოსახვედრად ფეისბუქგვერდზე ვიდეოჩართვები დაიწყო. მაშინ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, განაცხადა, რომ მერის ფეისბუქზე განთავსებული ბანერი, რომელზეც რამდენიმე ქართული მედიასაშუალების ლოგო ჩანს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მისი "მიზანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა".

ნინო ლომჯარია ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე თავად აღმოჩნდა დეზინფორმაციის გამავრცელებლების სამიზნე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ფეიკნიუსებში, რომლებიც სხვადასხვა ანტიდასავლური და პრორუსული გვერდების მიერ გაზიარდა, ფიგურირებს On.ge-ის სახელიც, რომლის ლოგოც ყალბ სქრინებში აღმოჩნდა.

ამგვარი ცრუ ინფორმაცია დღევანდელი ინტერნეტსივრცის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მისით გამოწვეული გაღიზიანება საშიშ ფორმასაც კი იღებს. ასეთი შინაარსის მქონე ინფორმაციის მხარდამჭერი ადამიანები მეტწილად ისინი არიან, ვინც ყალბი ამბების რეკლამირებით სარგებლობენ; ასევე თაღლითები, რომლებიც ფულის შეგროვებას ცდილობენ და ავტორიტარული ხელისუფლებები, რომლებიც სიძულვილს და შიშს ავრცელებენ.

კომპანიები და ხელისუფლებები გამუდმებით ცდილობენ საზოგადოებისთვის სხვადასხვა პრობლემის თავს მოხვევას, ამასთან, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლის კონტროლიც ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია. ინტერნეტსივრცეში მრავლად არიან მატყუარები, რომლებიც ხალხის ნდობას საკუთარი იდეების გასავრცელებლად იყენებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა, შევჩერდეთ და მეტი ყურადღებით დავაკვირდეთ მათ მახეებს — რათა თავიდან ავიცილოთ გავრცელებული ცრუ ხმებით გამოწვეული განგაში, ადამიანებზე წყრომა იმის გამო, რაც მათ არ ჩაუდენიათ და განუწყვეტელი, მიამიტური გაუგებრობა.

თუმცა ინფორმაციის სანდოობის ან მისი წყაროს დადგენა ასეთი ადვილიც არ არის. ის ადამიანებიც კი, რომელთაც მათ მიერ ინტერნეტში გაზიარებული ინფორმაციის ვალიდურობა ადარდებთ, ხანდახან შეცდომას უშვებენ და მახეში ხვდებიან. ზოგჯერ ამის მიზეზი დაუკვირვებლობაა და არა სხვების გამიზნულად შეცდენა.

ამ სტატიაში მხოლოდ ყალბი ამბის აღმოჩენის გზამკვლევს კი არ წარმოგიდგენთ, ასევე გაგაცნობთ სისტემას, თუ როგორ შევანელოთ მოქმედება და გავარკვიოთ, ამბავი სიმართლეა, სიცრუე, თუ რაღაც მათ შორის.

ნაბიჯი პირველი: როდის უნდა დავეჭვდეთ

ფოტო: Julie Beck

რთულია, გამუდმებით ფხიზლად იყო და სიმართლის სადარაჯოზე იდგე, თუმცა არსებობს რამდენიმე "წითელი დროშა", რომელიც მიანიშნებს, რომ რაღაც რიგზე ვერაა.

პირველი ნაბიჯი შენი გრძნობების გამახვილებაა და ეს მაშინ გვჭირდება, როცა ახალი ამბავი მეტისმეტად კარგია (ან ცუდი) იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. მას შემდეგ, რაც უფრო ყურადღებით დააკვირდები, შენიშნავ კონტენტის კონკრეტულ ქვეტიპებს — როგორიცაა, მაგალითად, ხალხის გაღიზიანების გამოსაწვევად შეთხზული ინფორმაცია, კონკრეტული პარტიისადმი მიკერძოება, რაც ფაქტებს ამახინჯებს ან აშკარა სიცრუეა. სიყალბის ტექნიკები მეტწილად ერთნაირია რამდენიმე ტიპის ამბავშიც კი, მათი ამოცნობა კი სირთულეს არ წარმოადგენს.

გარდა ამ კონკრეტული შემთხვევებისა, ზოგადი ტექნიკა უმარტივესია: თუკი ამბავი შენს ყურადღებას რაიმე მიზეზის გამო იქცევს, დროა, შეჩერდე და მეტად ჩაუღრმავდე.

სიღრმისეული განხილვა

განსაკუთრებით ემოციურად რეაგირებ

კარგი ჟურნალისტიკა ნამდვილადაა ემოციების და განცდების გამომწვევი, თუმცა ცუდი ჟურნალისტიკა — როგორიც ტაბლოიდების სენსაციებით მანიპულირება, პარტიული მიკერძოებით შიშის თესვა და დეზინფორმაციის გამიზნული გავრცელებაა — მათით მანიპულირებს. კონტენტის შემქმნელები ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ფიქრი და გრძნობა ერთმანეთის საპირისპიროა, ამდენად, ისინი გეუბნებიან, რომ თუკი რაიმე ამბავი გაღიზიანებთ და სიხარულს გგვრით, მის დეტალებზე აღარ უნდა იდარდოთ.

თუმცა, თუკი ამბავი შენზე ნამდვილად მოქმედებს, მასზე მეტის შეტყობა უნდა გსურდეს და არა — ნაკლების. იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტია, საბოლოოდ შენ მასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან ნიუანსს შეიტყობ, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა შენი ინტერესის ობიექტს. ხოლო თუკი იგი ყალბი და მცდარია, შეგიძლია, დანარჩენი ხალხი გააფრთხილო, რომ მას თავი აარიდონ.

ამბავი ძალიან სასაცილოა, ან შენს აზრებთან იდეალურ თანხვედრაშია

ამბები, რომლებიც ლოგიკისგან შორსაა, მუდმივად ხდება, რადგან მსოფლიო ერთი უცნაური ადგილია, რომლის ბოლომდე შეცნობა არცერთ ჩვენგანს არ ძალუძს. თუმცა თუკი სათაური ჩახლართულად გეჩვენება, ხშირად მის მიღმა კიდევ უფრო აბსურდული ამბავია ხოლმე. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება სამეცნიერო ამბებში, სადაც დეტალური კვლევაც კი, შესაძლოა, არასწორი ან გაზვიადებული გზით წარმოჩინდეს.

ამის საპირწონედ, თუ შენი ინტუიცია გეუბნება, რომ ამბავი მართალია, მაინც ფრთხილად იყავი. დეზინფორმაციის შემქმნელები, ტაბლოიდები და სიყალბის სხვა გამავრცელებლები რეალურ მოვლენებს სახეს იმგვარად უცვლიან, რომ ისინი საზოგადოებაში პოპულარულ შეხედულებებს მოარგონ — მათი ვარაუდით (და მეტწილად, ეს ვარაუდი სწორიცაა), ადამიანები იმ ამბავს უფრო იღებენ, რომლის დაჯერებაც სურთ. როგორც ზემოთ ნახსენები ამაღელვებელი ამბების შემთხვევაში, ამგვარი ისტორიებიც, შესაძლოა, მართალი აღმოჩნდეს — თუმცა, თუ ასეა, მათი მოკვლევისას ისეთ რაღაცას აღმოაჩენ, რაც ნამდვილად გაინტერესებდა და ამდენად, დროის დახარჯვად მაინც ღირს.

შენ მასში ფულს იხდი

ისეთი ამბები, რომლებიც პოლიტიკური ან სხვა სოციალური მიზნისათვის ფულის შეგროვებას ემსახურება, ამ კატეგორიაში ექცევა. ეს შეიძლება იყოს ისტორიები ჯანმრთელობის პრობლემებზე, ფინანსურ გათვლებსა ან სასწავლებელში მოხვედრაზე. მაშინაც კი, თუკი ისინი პირდაპირ შენ არ გეხება, უნდა დარწმუნდე, რომ ცხოვრებისეულ რჩევას ითვალისწინებ და შენ გარშემომყოფებთან სანდო ურთიერთობა გაკავშირებს.

გსურს, უმალ გაავრცელო ეს ამბავი

ნებისმიერი ინტერაქცია სიცრუის ადვილად და სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს.

მაშინ, როცა ამბავს მეგობრებს ან გამომწერებს უზიარებ, ან თუნდაც იწონებ ან აკომენტარებ, შენ სხვა ადამიანებს უბიძგებ, ნახოს ის და ამასთან, გავლენის მოპოვებაში ეხმარები მთლიანად გვერდს ან ანგარიშს, რომელმაც იგი გამოაქვეყნა.

ამდენად როცა იმას განიხილავ, ერგება თუ არა ამბავი ზემოთ განხილულ კატეგორიებს, გაითვალისწინე, რომ გავრცელებამდე მისი სანდოობა უნდა გადაამოწმო.

პირველადი წყაროები

მაშინაც კი, თუკი კონკრეტულ ამბავს არ ენდობი, ხშირად, შეგიძლია, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიში გამოიყენო, რათა პირველად წყაროებს დაუბრუნდე. მათი საშუალებით შემდგომში შეძლებ, გადაამოწმო ისტორიის ვალიდურობა, ან შეამოწმო, რამდენად ემთხვევა მისი რაკურსი პირველწყაროს. ქვემოთ წარმოდგენილია კონკრეტული წყაროები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია:

მასალების კანონიერი არქივი

ამბები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებებს ეხება, ხშირად პირდაპირ მასალების კანონიერი არქივიდანაა გადმოტანილი; მათ უმეტესობაზე წვდომა კი, როგორც წესი, საჯაროა. სტატიაში შეგიძლია მოძებნო დოკუმენტების დედნების ბმულები, ან, შესაძლოა, ისინი სხვადასხვა საიტებზეც იყოს ატვირთული.

ინტერვიუები და პირდაპირი ციტირებები

ინტერვიუების პირველწყაროები ჟურნალისტიკის ცენტრალური ნაწილია. როცა შესაძლებელია, სტატიაში ყოველთვის გამოტანილია პიროვნების რეალური სახელი და მათი ციტირებაც უცვლელად ხდება. და რადგანაც კარგი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები ციტატის შეთხზვის ან მთლიანი წყაროს დამახინჯების გამო საკუთარ კარიერას არ გარისკავენ, ეს ციტატები, მეტწილად, სანდოა. ტექსტში სახელის გაცხადებისგან თავის შეკავება ძირითადად მაშინ ხდება, როცა პიროვნების იდენტიფიცირებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მას.

გაჟონილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი

ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი ჟურნალისტიკაში გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე იქმნება, რაც, შესაძლოა, კორპორაციის დანაშაულს ან ხელისუფლების შეუსაბამო ქმედებას ამხელდეს. თუმცა ნაკლებად სანდო გამოცემები ხშირად აზვიადებენ კონკრეტული ვიდეოსა თუ დოკუმენტის მნიშვნელობას და ორიგინალ წყაროს გაუგებარი მტკიცებულებების საფუძვლად იყენებენ. ხშირად, აუცილებელია, ორიგინალი დოკუმენტის სტატიაში წარმოდგენილ განცხადებებთან თანხვედრა შევამოწმოთ.

პრესრელიზი

კომპანიები საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად ხშირად აზვიადებენ ამბავს, თუმცა თუკი გსურს, დარწმუნდე, რომ კონკრეტული მოვლენა ნამდვილად მოხდა ან განცხადება რეალურად გაკეთდა, პრესრელიზი ამის კარგი საშუალებაა. მრავალ ამგვარ განცხადებას კომპანიების ან სახელმწიფო დაწესებულებების გვერდებზე გადააწყდები, ასევე სოციალურ მედიაში არსებულ ოფიციალურ გვერდებსა და ამ მიზნით შექმნილ საიტებზე.

ნაბიჯი მეორე: როგორ შევამოწმოთ ბმული

ფოტო: Getty Images / Istockphoto

როცა გადაწყვეტ, რომ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ამბავს უფრო სიღრმისეულად გაეცნო, მაშინ დროა დააკვირდე კიდეც, როდის და საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ინტერნეტში განთავსებული ამბები "გაფუჭებული ტელეფონის" თამაშს ჰგავს: ყოველ ჯერზე, როცა ვინმე რაღაცას თავიდან აქვეყნებს ან წერს, დიდი შანსია, მნიშვნელოვანი დეტალები ამ პროცესში დაიკარგოს.

გადამოწმების პირველი ნაბიჯია, გავიგოთ ორიგინალი ამბის გამოქვეყნების თარიღი — რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რისი მიღებაც შეგვიძლია. თუ ამბავი ან ტვიტერზეა გაზიარებული, ან ფეისბუქპოსტით, დაკლიკე მასზე და გაიგე მისი გამოქვეყნების თარიღი.

ზოგჯერ ტექსტში გამოყენებული წყარო პირდაპირაა მითითებული; ეს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პრესრელიზთან, სხვა მედიასაშუალების ინფორმაციასთან, ან თავად ავტორისეულ პასაჟთან, სადაც აღნიშნულია, რომ ინტერვიუები თავად მას ეკუთვნის. თუკი წყარო სხვა მედიასაშუალებაა, უბრალოდ დაკლიკე და გადაამოწმე, საიდანაა გადმოტანილი ინფორმაცია. არ დაგავიწყდეს, გამოქვეყნების თარიღსაც მიაქციო ყურადღება.

ამისდა მიუხედავად, ზოგჯერ მაინც გაუგებარია, რომელ წყაროს ეყრდნობა ამბავი — იგი, შესაძლოა, პროვოკაციულ ციტატას ავრცელებდეს იმის მითითების გარეშე, საიდან და როდისაა იგი აღებული, ან, შეიძლება, ტვიტერზე გაზიარდეს ფოტო მცდარი აღწერით. ასეთ შემთხვევებში, სწრაფად მოიკვლიე მეტი ინფორმაცია ორიგინალ წყაროებზე ისეთი საძიებო სისტემებით, როგორიცაა Google.

ძიების უფრო კონკრეტული რჩევებისათვის, გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას:

სიღრმისეული განხილვა

შეამოწმე ვერიფიკაცია

სოციალური მედია უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ოფიციალური განცხადებების გასაკეთებლად, თუმცა იგი შესანიშნავი პლატფორმა ხდება უშვერი ხუმრობებისა და თაღლითური ხრიკებისთვისაც. ცნობილი ადამიანის "კლონის" შექმნა ტვიტერზე, ინსტაგრამზე, იუთუბზე ან ფეისბუქზე საკმაოდ მარტივია. მაგალითისთვის, @WhiteHouse-ის ტვიტერის გვერდზე განთავსებული განცხადება ოფიციალურია, თუმცა ვიღაცას შეუძლია შექმნას @WhiteH0us-ის მსგავსი ანგარიში, ჰქონდეს ოფიციალურის იდენტური სახელი და პროფილის ფოტო, რათა მეტად დაამსგავსოს თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდს, შემდეგ კი განათავსოს ტვიტი, რაც განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს

ცნობილი სოციალური მედია პლატფორმები მეტწილად თავად ანიჭებენ ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციის ნიშანს ბიზნესკორპორაციებს, ცნობილ ადამიანებს, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა პოპულარულ ანგარიშებს (ტვიტერზე,ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ეს შემოწმების ლურჯი ნიშნით გამოისახება).

ანგარიშები, რომლებსაც ვერიფიკაციის ნიშანი არ აქვს, შესაძლებელია, ავთენტური იყოს, თუმცა ისინი მაინც უნდა გადაამოწმოთ. შეეფერება გვერდზე განთავსებული პოსტები ანგარიშის მფლობელის იდენტობას? წარმოადგენს თუ არა კომპანია ან ორგანიზაცია ბმულს, რომლის საშუალებითაც მათ ვებგვერდზე გადახვალთ?

ასევე ადვილია ფეისბუქზე ან ტვიტერზე განთავსებული პოსტების ყალბი სქრინების მომზადება. თუკი ამგვარ სქრინს ნახავ, გადადი გვერდზე და შეამოწმე, არის თუ არა მსგავსი პოსტი განთავსებული. თუ არა, შეაფასე, რამდენად ვალიდური შეიძლება იყოს პიროვნების მიერ წარმოდგენილი სქრინი შესაძლებელია ის პოსტის ავტორმა წაშალოს — ან, შესაძლოა, იგი არც არასდროს არსებულა. მსგავსი შემთხვევა იყო, როცა On.ge-ის ოფიციალური გვერდის ყალბი სქრინების საშუალებით სცადეს დეზინფორმაციის გავრცელება.

ეძებე სახელებითა და საკვანძო სიტყვებით

გუგლი შესანიშნავი გზაა, რომ ერთი მოვლენის სხვადასხვაგვარი გაშუქების მოძებნა ვცადოთ. თუმცა ზოგადი თემით ან ცნობილი მონაკვეთით ძიებამ, შესაძლოა, ბევრი არაფრით გამორჩეული, უსარგებლო შედეგი მოგვიტანოს. ამდენად, უკეთესია, მოვძებნოთ გამოკვეთილი საკვანძო სიტყვებით, როგორიც, მაგალითად, ნაკლებად ცნობილი ადამიანის სახელია, რომლის ციტირებასაც ტექსტში ვხვდებით, ან კონკრეტული გადასახადი, რომელიც კონგრესმა წარმოადგინა და ა.შ. ნებისმიერი რამ, რაც ნაკლებსავარაუდოა, სხვა სტატიებში შეგვხვდეს.

მაგალითად, თუკი ვიღაც დიდ კორპორაციას უჩივის, უბრალოდ "ეფლის საქმის" ან "ფეისბუქის საქმის" ძიება უამრავ შედეგს გვაჩვენებს. თუმცა თუ საძიებო ველში პიროვნების სახელსაც მივუთითებთ, შედეგების რაოდენობაც და თემატიკაც მაშინვე დავიწროვდება.

იპოვე გამოკითხვა ან ინფოგრაფიკული წყარო

კვლევის კარგი ინფოგრაფიკული წარმოდგენა ამტკიცებს, რომელ მონაცემებზე დაყრდნობითაა იგი შედგენილი, ამდენად შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ ინსტიტუტი არსებობს და მის კვლევაზე მეტი შევიტყოთ. მაგალითად, ავიღოთ გაეროს ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგები საქართველოში, რომელიც გენდერულ საკითხებს შეეხებოდა:

ფოტო: UNFPA/UNDP

ამ სურათზე წარმოდგენილი კვლევის ანალიზი ავტორიტეტულ კვლევით ინსტიტუტებს ეკუთვნის. ამავდროულად, კვლევის მოძიების ანგარიშში მითითებულია საველე სამუშაოების ჩატარების დრო და მეთოდები. საძიებო სისტემაში მხოლოდ "გაეროს კვლევის" მითითების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ფრაზასთან დაკავშირებულ უამრავ შედეგს, თუმცა თუ კვლევის მნიშვნელოვან საკვანძო ფრაზას, ან, უბრალოდმის თემატიკას მივუთითებთ, საძიებო სისტემა გვიჩვენებს როგორც კვლევასთან დაკავშირებულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პირველწყაროს — კვლევის ანგარიშს.

ამის საპირწონედ, ცუდი ინფოგრაფიკული სურათი წყაროდ ადვილად მანიპულირებად ონლაინ გამოკითხვას დაასახელებს ან სამთავრობო უწყებას, რომელიც რეალურად არ არსებობს. ხოლო ამაზე უარესი მხოლოდ ისაა, როცა არც კი უთითებენ, საიდან არის მონაცემები აღებული. თუკი გსურს, მეტი შეიტყო, რა ანიჭებს ინფოგრაფიკულ მონაცემების წარმოდგენას სანდოობას, ფორბსმა 2014 წელს გზამკვლევი შექმნა, რომელიც დღესაც რელევანტურია.

ციტირების ძიება

თუ ამბავში პირდაპირი ციტირებაა გამოყენებული, გადაამოწმე, არის თუ არა იგი ნაწყვეტი უფრო ვრცელი განცხადებიდან. მედიაში ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანების სიტყვებს კონტექსტიდან იღებენ და ამგვარად ზოგჯერ სატირული ნათქვამიც კი რეალურად წარმოჩინდება.

კარგი ნიუსი ციტირების წყაროს შეტყობას გააადვილებს. თუ ასე არაა, შეგიძლია, განცხადების ნაწილი ციტირების ნიშნებით გადაიტანო საძიებო სისტემაში, რათა ზუსტად შეიტყო მისი კონტექსტიც. თუ დამაინტრიგებელი ციტატა მხოლოდ რამდენიმე პატარა გამოცემას აქვს გამოქვეყნებული, შესაძლებელია, იგი მათი შეთხზული იყოს.

ციტატები ნამდვილად ადვილად შესამოწმებელია, თუმცა ისინი ასევე ნოყიერ ნიადაგს ქმნიან სიყალბის გამავრცელებლებისთვის, რადგან მათით ხალხის განწყობების მანიპულირებაა შესაძლებელი. დეზინფორმაციის შემქმნელები უბრალოდ ირჩევენ ცნობილ ადამიანს, რომელიც ხალხს განსაკუთრებით უყვარს ან სძულს, შემდეგ კი მცდარი ფრაზის მასზე მიწერით უფრო აღრმავებენ მათთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს, როგორც ეს მოხდა ნინო ლომჯარიას შემთხვევაში. ასევე, მაშინ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა რესპუბლიკელებს "ქვეყნის ელექტორატის ყველაზე სულელი ნაწილი" უწოდა.

ეს მხოლოდ ამჟამინდელ მოვლენებს არ ეხება — არაერთი ისტორიული ფრაზაც მცდარი ან შეთხზულია.

ფოტოებისა და ვიდეოების ამოცნობა

თუ ახალი ამბავი ფოტოს ეფუძნება, კვლავაც საძიებოს სისტემის გამოყენებით მოძებნე სხვა გვერდები, სადაც იგი გამოქვეყნდა. ამგვარად ასევე შეიტყობ, არის თუ არა ფოტო იმაზე ძველი, ვიდრე ჩანს და რამდენადაა იგი დაკავშირებული ტექსტში წარმოდგენილ ამბავთან. ვიდეოების შემოწმება შედარებით რთულია, თუმცა მათი სათაურების იუთუბზე ძიებით ზოგჯერ ძველი ვერსიების აღმოჩენაცაა შესაძლებელი.

ხოლო თუკი ძველ ვიდეოში ცნობილი ადამიანის პროვოკაციული განცხადება ან ქცევაა ასახული, მოძებნე ციტატის ფრაგმენტით ან მოვლენის მცირე აღწერით, რათა შეიტყო, გაშუქდა თუ არა ეს ამბავი — რამდენადაა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ან, საერთოდ, სიმართლე. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, წამყვანი მედიაგამოცემები, როგორც წესი, ცნობილი ადამიანების ან პოლიტიკოსების ისეთ ვიდეოებს აქვეყნებენ, რომლებიც ადვილად მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას.

ყურადღება მიაქციე, რამდენად მნიშვნელოვანია ამბისთვის დრო

ამბავში, რომელიც გაქცეულ კრიმინალზე ან მოახლოებულ ქარიშხალზე იუწყება, დრო უკიდურესად მნიშვნელოვანია — აუცილებელია, ვიცოდეთ, კვლავ არსებობს თუ არა საფრთხე. თუმცა როცა ეჭვმიტანილსაც დააკავებენ და ქარიშხალიც გადაივლის, ამბავი უკვე ნაკლებად რელევანტური ხდება. ბუნებრივ კატასტროფებთან, მნიშვნელოვანი პროდუქტის გამოშვებასთან ან ცნობილი ადამიანების საკამათო განცხადებებთან დაკავშირებული ამბები, დროის გასვლასთან ერთად კარგავს მნიშვნელობას.

დროზე დამოკიდებული ბევრი ამგვარი ამბის გამოქვეყნება ზოგჯერ მიამიტური შეცდომაა, თუმცა სიყალბის გამავრცელებლები ამითაც მანიპულირებენ, საქმეს გადაუდებლად წარმოაჩენენ და ადვილად იყენებენ მას საკუთარი დეზინფორმაციის კამპანიისთვის. 2019 წლის შუა პერიოდში, ონლაინ საფრთხის მონიტორინგის კომპანია Recorded Future-მა გამოააშკარავა ოპერაცია, სახელად "თევზის შესახვევი". ინგლისურ სლენგზე ეს ფრაზა ისეთ ამბავს ნიშნავს, რომელიც ყოველგვარ რელევანტურობასა და სანდოობას არის მოკლებული, ამდენად იმ ქაღალდის გამოყენება, რომელზეც ამბავია დაბეჭდილი, მხოლოდ თევზის შესახვევად თუ შეიძლება. "თევზის შესახვევი" სოციალურ მედიაში არსებულ ანგარიშებს იყენებდა, რათა ცრუ ინფორმაცია გაევრცელებინა ტერორისტულ თავდასხმებზე. ამის განსახორციელებლად ისინი იღებდნენ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ რეალურად მომხდარი თავდასხმის მასალებს, შემდეგ კი მას ახალივით აქვეყნებდნენ იმ იმედით, რომ მკითხველები გამოქვეყნების დროს ყურადღებას არ მიაქცევდნენ.

ფოტოების კონტექსტიდან ამოგლეჯა, გამიზნულად თუ უნებლიეთ, უფრო ვერაგული ხერხებითაც შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა და ისინიThe New York Times-მა გამოააშკარავა, როცა იმ ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვინც ამაზონის ხანძრების დროს საკუთარ ანგარიშებზე "კატასტროფის ამსახველი" ფოტოები განათავსა. ეს სურათები კი, რეალურად, წლების ან ათწლეულების წინ იყო გადაღებული.

ზოგიერთი პრესტიჟული გამოცემა ამ პრობლემას ებრძვის. The Guardian, მაგალითად, ძველ სტატიებზე გამოქვეყნების დროის ნიშანს ამატებს, რომელიც სოციალურ მედიაში გაზიარებული პოსტის დროსაც ჩნდება. თუმცა სტატიებსა და ვიდეოებზე თარიღის შემოწმება სავალდებულოა.

გადაამოწმე, რამდენად ზუსტია ძველი ამბავი

ამბები, რომლებიც ტექნოლოგიურ თუ სამეცნიერო აღმოჩენებს ეხება, წლების განმავლობაში კვლავაც ინარჩუნებს რელევანტურობას. თუმცა, შესაძლოა, მათშიც წავაწყდეთ ისეთ ფაქტებს, რომლებიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მცდარია.

მაგალითად, კვების ექსპერტი, ბრაიან უონსინკი, ოსტატი იყო "ვირუსულად გავრცელებული" ექსპერიმენტების ჩატარებაში, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტერნეტსივრცეში. ასეთი იყო ამბავი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ძვირიანი სასადილოს საჭმელები უფრო გემრიელი იყო. თუმცა ამ მტკიცებულების კრიტიკად, განაცხადეს, რომ უონსინკმა სამოყვარულო მეცნიერებით მიიღო ეს შედეგები. ამასთან, ნაშრომების უმეტესობა შესწორდა ან მთლიანად ამოიღეს, მათ შორის სასადილოს კვლევის ანგარიშიც. ძველი სტატია კი ამ მნიშვნელოვან დეტალებს, შესაძლოა, არ შეიცავდეს.

ან ავიღოთ, მაგალითად, Cicret-ის სამაჯური, რომელზეც ირწმუნებოდნენ, რომ მაჯის სმარტსაათს თაჩსქრინის ფუნქცია ჰქონდა. Cicret სოციალურ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ვიდეოში უბრალოდ მაკეტი იყო წარმოდგენილი, მათ კი ამგვარი პროდუქტი არასდროს გამოუშვიათ. ამისდა მიუხედავად, ვიდეო წლების განმავლობაში ზიარდებოდა იმ ინტერნეტმომხმარებლების მიერ, ვინც ამ ამბავზე არაფერი იცოდა.

მედიაგამოცემები ცდილობენ, ძველ ამბებში გაპარული უზუსტობები შეასწორონ, როგორც ეს უონსინკის შესახებ 2015 წელს დაწერილი სტატიის შემთხვევაში მოხდა. თუმცა ისინი ვერ შეასწორებენ ყველა ძველ სტატიას. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნების დროს ამბავი მცდარი არ ყოფილა, უბრალოდ, ამის შესახებ სხვა კვლევის საშუალებით მოგვიანებით დამტკიცდა.

რატომაა თარიღები მნიშვნელოვანი

არსებობს ასეთი ტერმინი — "კონტექსტების შეჯახება". მკვლევარ დანა ბოიდის მიერ გავრცელებული ეს ტერმინი აღწერს, თუ როგორ უყრის ინტერნეტი თავს "რამდენიმე ჯგუფს ერთად" — მაგალითად, შენი მეგობრის ტვიტი ამერიკის პრეზიდენტის განცხადების გვერდით ხვდება, რადგან ინტერნეტსივრცე სავსეა განსხვავებული ტიპის კონტექსტების შეჯახებით: მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შორს ან დიდი ხნის წინ მოხდა ამბავი, მაინც შესაძლებელია, იგი ისე ჩანდეს, თითქოს ახლა ხდება შენს სამეზობლოში.

ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, მეტად პრობლემატურად იქცეს. 2019 წლის იანვარში, ადგილობრივმა სატელევიზიო არხმა განაცხადა, რომ ტეხასის ქალაქ ვაკოში სამართალდამცავები ტრეფიკინგში ეჭვმიტანილს ეძებდნენ. რადიოსადგურის თანამშრომელმა ეს ამბავი უფრო სენსაციური სათაურით წარმოადგინა — "ადამიანის ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი და ბავშვებზე მოძალადე, შესაძლოა, ჩვენს მხარეში იყოს" — შემდეგ კი იგი ფეისბუქზე განათავსა.

ავტორს სურდა, ადგილობრივებს მეტი შეეტყოთ კრიმინალის პრობლემაზე, თუმცა ამის ნაცვლად, როგორც Slate-ის ავტორი, უილ ორემუსი, განმარტავს, მისი დაწერილი ამბავი უკონტროლო გახდა. იგი ასიათასობით ადამიანმა გააზიარა აშშ-ში, მეტწილად მათ, ვინც მიიჩნია, რომ "ჩვენი მხარე" მათ საცხოვრებელ ქალაქზე მიუთითებდა და არა ტეხასზე. ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, ხოლო სტატია განახლდა. თუმცა ადამიანები მაინც აზიარებდნენ მას კვირების განმავლობაში, რადგან საშიში და სასწრაფო ამბის ელფერი ჰქონდა — როგორც ჩანს, უფრო სასწრაფო ამბის, ვიდრე იმის შემოწმება იქნებოდა, გაქრა თუ არა საფრთხე.

ნაბიჯი სამი: როგორ მივაგნოთ კონტექსტს

ფოტო: Shutterstock

ინტერნეტსივრცეში განთავსებული ზოგიერთი ინფორმაცია აშკარად ყალბი ან მცდარია. თუმცა ზოგჯერ ოსტატურადაცაა შენიღბული. მათში, შესაძლოა, გამოტოვებული იყოს მნიშვნელოვანი დეტალები, გაღვივებული იყოს საკამათო მასალა ან გამოყენებული იქნას სანდო ამბავი ხალხის მისაზიდად, სანამ მათ სიყალბეს წარუდგენენ.

საკვანძო ხერხი ამ დროს ამბის "ნაპრალების" ძიებაა, ან ამ ამბავსა და რეალურ წყაროს შორის ინფორმაციის შეუსაბამობა. ზოგჯერ ეს მიამიტური შეცდომაა — სოციალური მედიის ანგარიშებიდან ზიარდება სატირული ამბები მათი გააზრების გარეშე. თუმცა ზოგჯერ ისინი გამიზნულად ცდილობენ ადამიანების მოტყუებას.

არ არსებობს ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზამკვლევი, რათა ამბის კონტექსტი ბოლომდე აღვიქვათ. თუმცა ქვემოთ მოცემულია ის პრინციპები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს:

სიღრმისეული განხილვა

არის თუ არა სატირა

ეს ყველაზე მარტივი ნაბიჯია, თუმცა ამასთან, დასაიგნორებლად ადვილიც. განსაკუთრებით მაშინ, როცა სოციალურ მედიაში სხვადასხვა გამოცემების სტატიები მეტ-ნაკლებად ერთნაირი ჩანს. სატირული გამოცემა The Onion-ის სტატიები ხშირად ეშლებათ რეალურ ამბებში — არა მხოლოდ ჩვეულებრივ მკითხველებს, არამედ წამყვან მედიასაშუალებებსა და პოლიტიკოსებსაც კი. ადვილად ტყუვდებიან ისეთი საიტებითაც, როგორიც ClickHole (Onion-ის შვილობილი კომპანია), The Babylon Bee და Reductress არის.

ყველა ზემოთ მოხსენიებული გამოცემა ცნობილია აბსურდული ისტორიების დაწერით, რომელიც აშკარად ეხება სოციალურ პრობლემებს, მათ სტატიებს კი ხშირად გამიზნულ ხუმრობებად აზიარებენ. სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს "სატირის" ნაკლებად ცნობილი მხარე, რომელიც ყვითელი ტაბლოიდებისთვისაა დამახასიათებელი. ამგვარი ტაბლოიდების სია შეგიძლიათ Snopes-ის ვებგვერდზე შეამოწმოთ. საბოლოო ჯამში, მათი წყალობით ზღვარი სატირასა და სიყალბეს შორის წაშლილია.

და კიდევ — თუკი პირველი აპრილია, სანამ ისტორიას ბოლომდე არ წაიკითხავ, გახსოვდეს, რომ თითქმის ყველა ამბავი ტყუილია.

ვინ გვაწვდის ინფორმაციას?

თუკი გამოყენებულია ინფოგრაფიკული სურათი, დიაგრამა, გამოკითხვა — უთითებს თუ არა წყარო, როგორ მოიპოვეს ეს მონაცემები? როგორც The Ringer-ზე კლერკ მაკნიარი წერს, არსებობს ცალკე ჟანრი უჩვეულო მიზნით შექმნილი რუკებისა — როგორიცაა, მაგალითად, ჰელოუინის საყვარელი ტკბილეული ამერიკის შტატების მიხედვით — რომლებიც უცნაურ და უსარგებლო მეთოდებს იყენებს საკამათო შედეგების მისაღებად.

თუკი კვლევაზე პასუხისმგებელი არაკომერციული ორგანიზაცია ან აქტივისტთა ჯგუფია, შეამოწმე მათი ვებგვერდი ან სოციალური მედიის არხები, რათა შეიტყო, კიდევ რას აქვეყნებენ. მოძებნე სახელით, რათა იხილო, დაკავშირებულია თუ არა ამბავი ორკესტრირებულ კამპანიასთან — პროცესთან, სადაც კომპანია, სამთავრობო პროპაგანდისტული ან სხვა ჯგუფი ხელოვნურად ცდილობს შექმნას კამპანია, რომელიც ისე წარმოჩინდება, თითქოს რიგითი მოქალაქეების მოძრაობაა. სხვაგვარად, ეს, შესაძლოა, ცრუ სიგნალადაც იქნას აღქმული — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანგარიშად, რომელიც ვიღაცის მტრების დაცინვით მათ ცუდად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

შესაძლებელია, მიკერძოებული წყაროებიც აქვეყნებდნენ ნამდვილ ამბავს, თუმცა ყურადღებით შეაფასე მათ მიერ მოწოდებული მტკიცებულება და თუ შესაძლებელია, სხვა წყაროებიც, რომლებიც მათ აზრს განამტკიცებს. ასევე კარგად დაფიქრდი, სანამ სოციალურ მედიაში გააზიარებ პოსტს იმ ანგარიშიდან, რომელიც არასანდო ჩანს — მაშინაც კი, თუკი ეს კონკრეტული პოსტი ნამდვილია. ამგვარად შენ ხელს შეუწყობ მათი გვერდის გაპოპულარებას და ფეისბუქის მსგავსი პლატფორმებისთვის იმის მინიშნებას, რომ ამ ანგარიშების მიერ განთავსებული კონტენტი უფრო მეტად გაავრცელოს.

რა არის ამბის ინდიკატორი?

ყურადღებით იყავი ისეთ ამბებთან, რომლებიც პოლიტიკურ სიტუაციაზე მხოლოდ ინტერნეტსივრცეში არსებულ შეხედულებებზე დაყრდნობით მსჯელობს. თუკი არსებობს "პეტიცია" ან "ბოიკოტი", ახლავს მას იმის მტკიცებულება, რომ ბევრმა რეალურმა პიროვნებამ, ორგანიზაციამ და კომპანიამ მოაწერა ხელი? თუ ამბავში მტკიცებულებად ინსტაგრამპოსტები ან ტვიტებია გამოყენებული, ნამდვილად პოპულარული ანგარიშებიდანაა აღებული? თუ, უბრალოდ, გაურკვეველი განცხადებებია ნაკლებად ცნობილი მომხმარებლისგან, რომელიც, შესაძლოა, ბოტი ან ტროლი იყოს?

ცხადია, ყველაფერი პოპულარობაზე არცაა დამოკიდებული. მაგალითად, თუკი ვიღაც კომპანიისგან 2 მილიონ დოლარს ითხოვს კომპენსაციის სახით, ეს არ ნიშნავს, რომ სარჩელი ნდობის ღირსია, ან კომპანია ოდესმე აპირებს, ამხელა თანხა გადაიხადოს.

ასევე ბევრ კრიმინალურ საქმეში, სასჯელის უმაღლესი ზომა — მაგალითად, როცა მსჯავრდებულს "თავისუფლების აღკვეთა 100 წლით" მიესჯება, რამდენიმე ათეული ბრალდების გამო — დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი რეალურად მოიხდიან. უფრო დამაჯერებელი რიცხვი ეფუძნება სასჯელის მოხდის წესებს და ვადებს, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მოკლეა. თუ ეს თემა მეტად გაინტერესებს, შეგიძლია ბლოგერ კენ უაითს ეწვიო.

თუკი "შეურაცხყმყოფელი" ამბავია, ნამდვილად აღაშფოთა ხალხი მან?

ბევრი ამბავი შეურაცხყოფაზე ზოგიერთი ჯგუფის მიერ გაცემულ პასუხს ეფუძნება — ან ამ ჯგუფის მხარდასაჭერად, ან მათ დასაცინად. თუმცა როგორც ზემოთ განვიხილეთ, ხშირად არსებობს შეფასების პრობლემა — ინტერნეტში რამდენიმე განაწყენებულ ადამიანს ნამდვილად იპოვი.

ამის გარდა, "შეურაცხყოფა", შესაძლოა, უბრალოდ, რბილი წყრომა ან გამიზნული სიყალბეც კი იყოს. თუ ამბავი ნამდვილად იწვევს საზოგადო გაღიზიანებას რაღაცაზე, ნახე, რა წყაროებსა და მოვლენებზე მიუთითებს იგი. არის ეს პროტესტი, ბოიკოტი თუ ბოდიშის მოხდის მოთხოვნა? თუ უბრალოდ რამდენიმე ღვარძლიანი ტვიტია ამ თემაზე?

თუ ხედავ, რომ ადამიანთა ჯგუფი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმის გამო, რაც სასაცილოდ მიგაჩნია, ინტერნეტში ამის მოწოდება ხშირად უფრო გაამწვავებს სიტუაციას. მაგალითად, ტვიტერზე შეურაცხმყოფელი ან სულელური ჰეშტეგის გამოყენება მას პოპულარულობას უზრდის და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ხალხი რეალურად უჭერს მხარს მის მნიშვნელობას.

უფრო სიღრმისეულად რომ გააანალიზო, როგორ ქმნიან ინტერნეტნიუსები შეურაცხყოფის მცდარ ციკლს, შეამოწმე პარკერ მოლოის 2015 წელს გამოქვეყნებული გზამკვლევი — რომელიც მან ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ დაწერა.

როგორ წარმოადგენენ სხვადასხვა მედიაგამოცემები ამბავს?

თუ ამბავი ემყარება საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებს, როგორიცაა პოლიციის ანგარიში ან პრეს-რელიზი, რამდენად ერთნაირად აღწერს მასზე მომზადებული სტატიები და ვიდეოები მომხდარს? მიუთითებს რომელიმე მათგანი თუ არა ახალ დეტალზე ან კონტექსტზე, რაც სხვა რაკურსით გვანახებს ამბავს? თუ აშკარა პარტიზანულ გამოცემას კითხულობ, იქნება ეს Occupy Democrats-ის და Breitbart-ის მსგავსი რადიკალური გვერდები თუ ჩვეულებრივი საიტები დაუფარავი პოლიტიკური ანგაჟირებით — მაშინ ერთი და იმავე ისტორიის სხვადასხვა გამოცემის ვერსიის წაკითხვა ამბის მრავალგვარი პერსპექტივით დანახვის საშუალებას მოგცემს.

ამბის შესახებ ყველაზე პოპულარული ნარატივი სიმართლის აპრიორი არაა, ხოლო პარტიზანული გვერდები აუცილებლად მცდარზე არ მიანიშნებს. თუმცა თუკი გახმაურებული ამბავი მხოლოდ უცნობ ან ჰიპერპარტიზანულ გვერდებსა და ანგარიშებზე ჩნდება, მას, შესაძლოა, ის ხარვეზები ჰქონდეს, რამაც სხვა გამოცემებს თავი შეაკავებინა მისი გაშუქებისგან. ეს ერთ-ერთი მაგალითია ეგრეთ წოდებული "მონაცემების სიცარიელე", რაც მაშინ ხდება, როცა საკვლევი საკითხი არ ემყარება სანდო წყაროებს. ეს კი, თავის მხრივ, ცრუ ინფორმაციის შექმნისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ფულის შეგროვების კამპანიის სანდოობა

ბევრი მედიაგამოცემა წერს Kickstarter-ის და Indiegogo-ს მსგავს პროდუქტებზე, რომლებიც ფულის შეგროვებას ისახავს მიზნად, ან ახსენებს ამბავს, რომლისთვისაც თანხის შეგროვება ხდება GoFundMe-ზე. თუმცა სანამ ამგვარი კამპანიის დაფინანსებას გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია, დარწმუნდე, რომ ის ყალბი ან არარეალური არ არის.

ისეთი პროდუქციის შექმნის შემთხვევაში, როგორიც სამაგიდო თამაში, ფილმი ან გაჯეტია — აქვს მის შემქმნელს შესაბამისი გამოცდილება? არის მოთხოვნილი თანხა იმაზე დაბალი, ვიდრე პროდუქტის დასამზადებლადაა საჭირო? თუკი ადრეც ჰქონიათ მსგავსი კამპანია, რამდენად კმაყოფილები იყვნენ მისი მხარდამჭერები?

ინდივიდუალურ კამპანიებთან მიმართებაში, ეძიე კავშირს კამპანიასა და იმ პიროვნებას შორის, ვინც ფული უნდა მიიღოს — ეს, შესაძლოა, იყოს სანდო წყაროში გამოყენებული პიროვნების სოციალური მედიის ნამდვილი ანგარიშის ბმული. GoFundMe-ის ვებგვერდზე შესაძლებელია ასევე გაეცნო კონკრეტულ წესებს.

ზოგადად, ფრთხილად იყავი ისეთი პროექტების დაფინანსებასთან, რომლებიც ჩვეულებრივ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ბევრად ამბიციურია. თუ ვერავინ — მათ შორის ვერც აშშ-ის მთავრობამ — ვერ შეძლო მექსიკასა და ამერიკას შორის უზარმაზარი კედლის აღმართვა, შესაძლოა, შეუმჩნეველი წინაღობები არსებობდეს, რომელიც ამას ხსნის. ხოლო თუ დიდი კომპიუტერული კომპანიები ვერ ყიდიან ულტრა-თხელ, ძალიან იაფ ლეპტოპ-ტაბლეტ-ტელეფონის ჰიბრიდებს, ეს იმას მიანიშნებს, რომ, უბრალოდ, ცუდი იდეაა.

ნაბიჯი ოთხი: როგორ შევაფასოთ მტკიცებულება

ფოტო: Filip Stojanovski

ახლა ალბათ უკეთ იგებ იმ ამბავს, რომლის კითხვაც დაიწყე და მზად ხარ პროცესის ბოლო, ყველაზე ინდივიდუალურ ეტაპს მივადგეთ: გადაწყვიტო მნიშვნელობა. თუკი წამიერად Onion-ის ბმულმა მოგატყუა ან ცრუ ინფორმაციის სხვა ანკესზე წამოეგე — ნუ იღელვებ, ეს ყველა ჩვენგანს დამართნია. ხოლო თუ საქმე რეალურ ამბავს ეხება, ყველაფერი უფრო რთულადაა.

ცხადია, შენ არ გსურს, დაიჯერო ყველაფერი, რასაც ხედავ ან კითხულობ. თუმცა უაპელაციო ურწმუნოებაც ასეთივე ცუდია. ზოგიერთი მედიაწყარო სხვებზე მეტადაა სანდო. ასევე ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებები უფრო სანდოა, ვიდრე შენი სამოყვარულო კვლევა. თუკი მხოლოდ იმის გჯერა, რაც საკუთარი თვალით გაქვს ნანახი და გადამოწმებული, მაშინ სამყაროს წარმოუდგენლად ვიწროდ ხედავ.

ამდენად, აქ ჩვენი მიზანი არ არის იმის ამოცნობა, თუ რატომაა ამბავი მცდარი. მიზანი არის იმის შეტყობა, როგორ მუშაობს ამბავი — მისი რომელი ნაწილია მეტად ჩახლართული და სუბიექტური, რომელი ნაწილია, სავარაუდოდ, უფრო ზუსტი და რამდენად უნდა შეცვალოს მან შენი მოსაზრებები და ქმედება.

სიღრმისეული განხილვა

გვერდზე ვაჩოჩებთ ან ვამახინჯებთ მნიშვნელოვან ფაქტებს?

ამ ხაზს ყველა განსხვავებულად ავლებს — რაც შენ, შესაძლოა, სტატიის უმნიშვნელოვანეს დეტალად მიგაჩნდეს, სხვა მკითხველი მას აღნიშვნის ღირსადაც არ მიიჩნევდა. ამდენად, შენზეა დამოკიდებული, ამბავი შენთვის იმ ფაქტებზე ხაზგასმა და მათი იმგვარი ინტერპრეტაციაა, რომელსაც არ ეთანხმები, თუ იგი, უბრალოდ, ისეთ შეურაცხყმყოფელ და მანიპულაციურ სტრატეგიებს იყენებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, თუ ამბავი კონკრეტულ პიროვნებასა და ჯგუფზე რაიმეს ამტკიცებს, მითითებულია, რაზე დაყრდნობითაა ეს განცხადება გაკეთებული? გვთავაზობს იგი ინტერვიუებს იმ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ამბავში? თუ ვერ იგებ, საიდან და რა გზით იცის სტატიის ან სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტის ავტორმა რაღაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი კონტექსტი გასათვალისწინებელი გრჩებოდეს.

რა არის უფრო ფართო ნარატივი?

მიუთითებს ამბავი, რომ ერთი კონკრეტული თავდასხმა ან ყაჩაღობა მომძლავრებული კრიმინალური ტალღის ნაწილია? ან გაკოტრებას მყოფი ბიზნესი რომ მთლიანი ინდუსტრიის გასაჭირის ნაწილია? ეს ნარატივები შესაძლოა ნამდვილად სწორი იყოს, მაგრამ მაინც ღირს, ჩვენით ამოვიცნოთ და გამოვიკვლიოთ, რათა ვნახოთ, არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, რაც საერთო ფონზე მიუთითებს — თუ ეს კონკრეტული ამბავი უბრალო გამონაკლისია.

რა ხდება, თუ ვცდებით?

შეაფასე ამბის დაჯერების და ან დაიგნორების შედეგები, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ მოწონების გამო მიიჩნიო იგი სიმართლედ. მაგალითად, სიყალბის დაჯერება შესაძლოა ფინანსურად წამგებიანიც აღმოჩნდეს, ამდენად დაგჭირდება ძალიან მყარი (და ალბათ არარსებული) მტკიცებულება, რომ სწრაფად გამდიდრების სქემა მუშაობს. სხვაგვარად, ბუნებრივი კატასტროფებისა და ეპიდემიური დაავადებების დაიგნორება, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს — თუ რაიმე მყარი საფუძველი არ გაქვს იმის დასტურად, რომ იგი სიყალბე ან შეცდომაა, ნამდვილად ღირს, სერიოზულად მიიღო.

თუმცა, საბოლოოდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ყოველ შემთხვევაში" ნებისმიერი საშიში ამბავი უნდა დაიჯერო. შესაძლოა, შემაძრწუნებელი ჩიტის ფორმის ქალის სკულპტურა ბავშვებს სუიციდისკენ უბიძგებდეს? ეს, ცხადია, ცუდი იქნებოდა. თუმცა არსებობს ამის დამადასტურებელი რაიმე შემთხვევა? რამდენადაც ვიცით, არა. ამდენად, ის ხალხი, რომელიც ამაზე იტყობინება, ცრუ განგაშის ზარს რეკენ.

რატომ უნდა გააზიარო ეს ამბავი?

ყველა ის რჩევა, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ, ამბის გაზიარებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენი მეგობრებისა და გამომწერებისთვის ნიუსების გამომქვეყნებელი ხარ. მიაწვდის შენ მიერ გაზიარებული ამბავი მათ რაიმე მნიშვნელოვანს, რაც, მაგალითად, სამყაროს ეხება, ან ბუნებრივ კატასტროფასა და ცხოველებზეა? თუ შენ დარწმუნებული არ ხარ, შეგიძლია, ახსნა შენი გაურკვევლობის მიზეზი? თუ უბრალოდ მათი დაბნევაც გსურს? ხოლო თუ პოსტს იმიტომ აზიარებ, რომ იგი გაღიზიანებს, არის რამე, რაც გსურს რომ შენმა გამომწერებმა გააკეთონ მასთან დაკავშირებით, მაგალითად — საიტის ადმინისტრაციასთან გასაჩივრება?

ზოგჯერ ყველა ჩვენგანი ცდება

ზოგჯერ ყველაზე ცნობილი საინფორმაციო წყაროებიც აქვეყნებენ ამბებს, რომლებიც სიმართლისგან შორსაა. ერთი შემთხვევა 2013 წლის მაგალითია, როცა ჰაკერებმა Associated Press-ის ტვიტერის ანგარიში გატეხეს და გაავრცელეს განცხადება, რომ თეთრ სახლში აფეთქებები ხდებოდა. ეს სიცრუე მალევე გამომჟღავნდა, თუმცა პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვეულებრივი მკითხველი სრულიად საფუძვლიანად დაიჯერებდა, რომ ეს ამბავი სიმართლე იყო.

უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, წყაროები შეიძლება იტყუებოდნენ, დოკუმენტები ყალბდებოდეს, ხოლო რეპორტიორები არასწორად ციტირებდნენ. უახლესი ინფორმაციები, შესაძლოა, არასანდო იყოს, რადგან არავინ — მათ შორის არც სახელმწიფო მესვეურებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა — არ უწყის, რა ხდება. რადიო არხმა WNYC-მა სწორედ ამ მიზეზით გამოსცა უახლესი ინფორმაციების მომხმარებლის ცნობარი.

თუკი სოციალურ მედიაში ამბებს აზიარებ, დიდი შანსია, რომ ოდესმე მაინც გააზიარებ არაზუსტ ან მცდარ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ გულმოდგინედ ამოწმებ მას.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიმართლე არსადაა და ყველა გვერდი ერთნაირად ცრუობს. შესაძლოა, მცდარ ინფორმაციას გადააწყდე იმ გამოცემაში, რომელიც ყურადღებით უთითებს წყაროებს, ხსნის მოვლენის კონტექსტს და ასწორებს შეცდომას, როცა პოულობს. მაგრამ ამგვარ სიცრუეს უფრო ხშირად იმ გამოცემაში ნახავ, რომელიც უკონტექსტო ჭორებს ავრცელებს და არც იმას ხსნის, საიდან იღებს ინფორმაციას. როცა კონკრეტული გვერდის მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში ხარ, უკეთესად იგებ, რამდენად სანდოა იგი.

იმავე მიზეზით, შენ, შესაძლოა, ზოგჯერ სიცრუე დაიჯერო, მაშინაც კი თუ ფრთხილად ხარ. თუმცა თუ ვალიდურობა და რელევანტურობა დიდად არ გაღელვებს, ეს ბევრად უფრო ხშირად დაგემართება.

დასკვნა

დეზინფორმაციასა და სიყალბესთან ბრძოლა ისეთი მარტივიც არაა, რომ პროდუქტების სიასავით მიჰყვე. სიის გულმოდგინედ მიყოლამ უკუშედეგიც შეიძლება გამოიწვიოს. მკვლევარ დანა ბოიდს ახსნილი აქვს მედიაწიგნიერების სკოლაში სწავლების ცუდი მხარე — როცა სტუდენტებისთვის კრიტიკულად ფიქრის სწავლება, შესაძლოა, იმის საბაბი გახდეს, მათ უაპელაციოდ მიიჩნიონ, რომ ყველა მედიაგამოცემა ტყუის. ამდენად, მიზანშეწონილი არაა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფრონტის ხაზი ცალკეულ ადამიანებს შევატოვოთ.

თუმცა — ეს ყველაფერი ძალიან თავშესაქცევია. ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის კვალის ძიება ისეთივე საყვარელი აქტივობა შეიძლება იყოს, როგორც ფაზლის აწყობა ან არქეოლოგიური გათხრაა. ამდენად, უკეთესია ამ პროცესის სხვა ადამიანებთან გაზიარება და იმის დამტკიცება, რატომ არის მოვლენების სწორად აღქმა უფრო საინტერესო და ღირებული, ვიდრე, უბრალოდ, საკუთარი რწმენის მტკიცება და ინტერნეტსივრცეში ქულების დაწერა.

და ამ ყველაფრის შემდეგ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიების იარაღი ნიჩაბია და არა დანა. კრიტიკული აზროვნება არ შეიძლება, გაიგივებული იყოს რაიმის მუდმივად ეჭვქვეშ დაყენებასა და მის გაქარწყლებასთან. ხოლო კვლევის მიზანი უბრალოდ ამბავში არსებული ნაპრალების შემჩნევა არ არის. მიზანი არის ამბის უკეთ შეცნობა, ან თუ ვიღაც ამბავს უუნაროდ და ოიდოზურად გვიყვება — მისის სიღრმისეულად გამოკვლევა სიმართლის გასაგებად.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მარტში მოგიმზადეთ და შეიძლება, გამოგრჩა
  2. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს ისტორიიდან
  3. On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მარტის ამინდივით უცნაურია
  4. კროსვორდი: გამოიცანი ფილოსოფოსი ფრაზით
  5. სად ვუყუროთ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი

ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი მალე მემუარებს, სახელად Rebel Rising-ს,…