სტატიაში განახლებადი ინფორმაციის შეტანა შეწყდა. ზუგდიდში ბანკის ძარცვასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს შეგიძლიათ On.ge-ს ვებგვერდზე გაეცნოთ.

11:32

ამ დროისთვის ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია. მედიაში მის გაქცევასთან და აფხაზეთში გადასხვლასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა დაზუსტებით რამის თქმა შეუძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ.

11:08

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს დე-ფაქტო მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, თუ სად იმყოფება თავდამსხმელი, რომელიც გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა SOVA-მ გაავრცელა.

მედიის ცნობით, შამბა ამტკიცებს, რომ არ იცის, თავდამსხმელი ნამდვილად ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა თუ არა. იმავეს აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი.

"რუსეთთან ერთად მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს", — განაცხადა ლატიპოვმა.

მედიის ინფორმაციით, გალის რაიონის დე-ფაქტო მეთაური კონსტანტინე ფილია, ასევე, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ვერ შეძლებს, ე.წ. საზღვრის მდინარე ენგურით გადაკვეთას.

10:10

ირაკლი კვარაცხელიამ, რომლის მეშვეობითაც თავდამსხმელი მედიასთან კონტაქტობდა, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ისაუბრა, რა ხდებოდა ბანკში და როგორ კონტაქტობდა თავდამსხმელი სამართალდამცავ უწყებებთან.

"თავიდან ის [თავდამსხმელი] იყო აგრესიული, შემდეგ ყველამ ერთად მოახერხა, რომ ის ადამიანი კომუნიკაბელური გახადა. ბიჭები წაიყვანა, ორმა თვითონ გამოთქვა სურვილი, მესამე თვითონ [თავდამსხმელმა] დაასახელა. სამართალადამცავ უწყებებთან სხვა მძევლის საშუალებით კონტაქტობდა. ერთ-ერთს 112-ში დაარეკინა და მერე იმ ნომერზე ეკონტაქტებოდნენ სამართალადამცავები. თავდამსხმელი უსმენდა მძევალს და ეუბნებოდა, რა პასუხი გაეცა მათთვის. იყო მომენტი, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში. მე დავალებული მქონდა მედიასთან კომუნიკაცია", — განაცხადა ირაკლი კავრაცხელიამ.

05:30

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ განაცხადა, რომ ისიც და მძევლებიც კარგად არიან.

05:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე არ პასუხობს კითხვას, წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა.

"დეტალებს ვერ მოგახსენებთ, გვაცალეთ მუშაობა", — ასე უპასუხა მან როგორც ამ, ასევე, სხვა კითხვებს საქმის დეტალების შესახებ.

04:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა მძევალი თავისუფალია და სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შსს ადასტურებს, რომ თავდამსხმელს სამ მძევალთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა გაყვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – აცახდებენ უწყებაში.

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ მისცეს თუ არა თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა და შეძლო თუ არა მან თანხით გაქცევა.

04:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამივე მძევალი გათავისუფლებულია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

04:31

რუსთავი 2-ის განცხადებით, ერთ-ერთმა მძევალმა მათ სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა, რომ უკვე თავისუფლები არიან. მისი თქმით, თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა. ამ ეტაპზე შსს ინფორმაციას ისევ არ ავრცელებს.

04:29

ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში შენობაში შეჭრისთანავე მოიყვანა. მისი თქმით, მომხდარს შენობის გარედან იღებდა უცხო ადამიანი, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ორჯერ გაისროლა.

კვარაცხელიამ განმარტა ისიც, როგორ მოუწია თავდამსხმელისთვის შუამავლის როლის შესრულება მედიასთან.

"ამ ადამიანმა ჯერ ერთ-ერთ მძევალს სთხოვა, რომ დაერეკა 112-ში და დაარეკინა. შემდეგ მასვე სთხოვა, რომ ფეისბუქზე მოეძებნა TV პირველი და დაკავშირებოდა მათ. ამ ადამიანმა უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა ფეისბუქით. შემდეგ გადავიდა მეორე ადამიანთან, რომელმაც უთხრა, რომ მისი ტელეფონი დამჯდარი და გათიშული იყო, მერე მესამესთან, რომელსაც ინტერნეტი არ ჰქონდა და მერე მოვიდა ჩემთან და ისარგებლა ჩემი ფეისბუქით. მოდებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა რა უნდა მელაპარაკა. მეც ვიმეორებდი", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.

01:58

On.ge-ს წყარომ მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რა ხდებოდა დღისით ზუგდიდში, ბანკში, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

00:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის 43 მძევალი გათავისუფლებულია, თუმცა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", — აცხადებენ უწყებაში.

დამატებითი ინფორმაცია თავდამსხმელისა და მასთან ერთად მყოფი მძევლების შესახებ შსს-ს არ გაუვრცელებია.

00:36

მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ერთ-ერთ მძევლად სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფებიან თავდამსხმელი და მძევლები.

22:41

ტელეკომპანია იმედის კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა მიმართულებით წავიდა ის და დაკავებულია თუ არა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

ერთ-ერთმა მძევალმა, რომელიც ამ დროის განმავლობაში მედიას ეკონტაქტებოდა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა და მძარცველთან ერთად ტერიტორიას რამდენიმე წუთში დატოვებდა. მისი თქმით, სამი კაცის გარდა, ყველა გაუშვეს.

სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დანარჩენმა მძევლებმა შენობა დატოვეს და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რამდენიმე წუთის წინ On.ge-მ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი დაკავებულია. უწყებისგან დასტურის არარსებობის გამო, აღნიშნული მასალა ჩასწორდა და მოგვიანებით ვებგვერდიდან წაიშალა. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის.

21:14

ზუგდიდში ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. რამდენი მძევალია დარჩენილი ზუსტად უცნობია.

ფოტო: On.ge

20:21

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეირაღებულ თავდამსხმელს უკვე 6 საათია მძევლები ჰყავს აყვანილი. შსს-ს განცხადებით ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, 14:21 საათზე მიიღეს.

20:05

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებებით, ზუგდიდში შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმშ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორი მძევალი მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა.

გარდა ამისა, ბორცვაძემ სთხოვა მედიასაშუალებებს, რომ შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გააშუქონ.

19:58

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დამატებით ორი მძევალი გაათავისუფლა.

19:32

მთავარი არხის ინფორმაციით, კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა შენობა.

18:55

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა.

18:17

შსს-ს კრიტიკული განცხადების პასუხად მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოითხოვა, უწყებამ განმარტოს, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა მძევალს მუქარით არეკინებენ. მისი თქმით, დაემორჩილებიან უწყების ინსტრუქციას, მაგრამ ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარზე.

"როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას", — წერს გვარამია.

18:13

ქართულმა ოცნებამ მიმდინარე სპეცოპერაციაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოპოზიცია და მედია გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, კონკრეტული მედია საშუალებების ქმედებები "საგანგაშოა" და ამან დანაშაულის აღკვეთას ხელი არ უნდა შეუშალოს.

მანვე აღნიშნა, რომ მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი მოქმედების შესრულების შესაძლებლობა.

17:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა, რომ მედიებმა გათიშონ ლაივსიგნალი ადგილიდან, წიანაღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს.

მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა ხელს უშლის სამართალდამცავების მოქმედებას.

საბანაძემ განაცხადა რა მუხლებითაა დაწყებული გამოძიება და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

17:20

მომხდარზე საქართველოს ბანკმა განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს".

17:13

მძევლის საშუალებით მძარცველი TV პირველს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ახლა შენობაში 18 მძევალია დარჩენილი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა თავდამსხმელის მოთხოვნები.

17:07

მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა, როგორ დაუკავშირდა თავდამსხმელი მძევლის საშუალებით.

"ერთ-ერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი. გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში", — წერს გვარამია.

17:03

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მალხაზ თორიამ რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ თავმდასხმელი ბანკამდე მანქანით უცნობმა პირმა მიიყვანა. მისივე თქმით, ამ მოქალაქესთან სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ. აღნიშნული პირი, თორიას განცხადებით, თავდამსხმელთან შემხებლობაში არ იყო.

16:45

მძევალი ისევ დაუკავშირდა მთავარ არხს და განაცხადა, რომ თავდამსხმელი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი შენობაში შეიჭრება. მანვე მოითხოვა, რომ პოლიცია პერიმეტრს მოშორდეს.

მძევალი ამბობს, რომ სამართალდამცავები კონტაქტზე არ გადიან.

16:03

თავდამსხმელი მძევლების შუამავლობით ტელევიზიებს, მთავარ არხსა და ფორმულას, დაუკავშირდა და მოთხოვნები წამოაყენა. ის ნახევარ მილიონს დოლარს, შეუიარაღებელი მომლაპარაკებლის შესვლასა და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

ვიდეოზარით მძევალი პირდაპირ ეთერში ჩაერთო ტელეკომპანია მთავარ არხს და აჩვენა სიტუაცია ოთახში. კადრში ჩანს შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, ნიღბიანი პირი და 17 ადამიანი, რომელიც იატაკზე ზის. მძევალი ამბობს, რომ თავდამსხმელის გარდა 18 არიან. კადრების მიხედვით, არცერთ მათგანი დაჭრილი არ არის.

გამტაცებელი ითხოვს ნაღდი ფულის ადგილზე მიტანას და ვერტმფრენს ადგილის დასატოვებლად, ან მანქანას, რომლითაც მძევლებთან ერთად ფიქრობს წასვლას. მოთხოვნების გაჟღერებას გამტაცებელი მძევალს ავალებს. მისი თქმით, თუ პირობებს შეასრულებენ, მძევლებს უსაფრთხოების გარანტიას მისცემს.

16:00

ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელმა 500 000 დოლარი მოითხოვა.

15:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

"ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.

ფოტო: ნიკს ლაშხი/facebook

15:30

მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა გამოუშვა, ნაწილი კი სამაშველო ოპერაციის დროს გამოიყვანეს.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

15:24

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში 1 ადამიანია შეჭრილი. მათი თქმით, პოლიცია მუშაობს, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.

"ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიებაზე პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა მე გეტყვით, რომ ახლა, ამ წუთებში, ჩემი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად", — განაცხადა გახარიამ.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთვი 2

14:21

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მიიღეს ინფორმაცია ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ.