ბათუმში მიმდინარე ოპოზიციის აქცია პარტია მოქალაქეების წევრებმაც დატოვეს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, გენრი დოლიძე აღნიშნავს, აქციას ერთადერთი ლოზუნგითა და მიზნით უერთდებიან — ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები სამართლიანი ცესკოს პირობებში.

"ჩვენ აქციას ვუერთდებით ერთადერთი ლოზუნგითა და მიზნით, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ვიწრო პარტიული ლოზუნგის ქვეშ ჩატარებულ აქციაზე ჩვენ ვერ დავდგებით, ბუნებრივია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ოპოზიციაში არის რაიმე დიდი განხეთქილება", — განაცხადა გენრი დოლიძემ.

ბათუმში ოპოზიციის აქცია პირველად პარტია ლელოს წარმომადგენლებმა დატოვეს. TV პირველის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქციის მონაწილეებს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ბანერები ეჭირათ, წარწერით — "მიშა ჩამოდი".

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, TV პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ ლოზუნგები, რომელიც არ ეხება ოპოზიციის საერთო მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ამომრჩეველში დაბნეულობას იწვევს.

"სხვადასხვა ოპოზიცური პარტია ვიკრიბებით იმ მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამ ერთობლივი მანიფესტაციების მიზანი და მიზეზი არის ის, რომ ჩატარდა არჩევნები, რომელიც გაყალბდა. ჩვენ ერთობლივად ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. სხვა მოთხოვნები, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას და არავის არა აქვს უფლება, რომ შეუზღუდოს მათ ეს მოთხოვნა, მაგრამ ალბათ ცალკე აქცია უნდა ჩატარდეს ამისათვის. იმიტომ, რომ მაშინ ეს გაუგებრობას იწვევს ყველასთვის ვინც ამ აქციას აკვირდება, იმიტომ, რომ აღარ არის ნათელი რა არის ოპოზიციების გაერთიანებული მიტინგების მიზანი", — განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიცია მორიგ აქცის აჭარაში მართავს. ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციებს პერმანენტულად აანონსებენ. როგორც დღეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია აპირებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, 18 ნოემბერს "მდუმარე" აქცია მოაწყოს.