ქაავანი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე მარტოსული სპილო იყო, პაკისტანის ზოოპარკიდან გაათავისუფლეს და კამბოჯაში ჩაიყვანეს.

ქაავანს სხვებთან ერთად ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი შერიც შეეგება, რომელმაც მის გასათავისუფლებლად ბრძოლისთვის იურისტების გუნდი სახსრებით უზრუნველყო.

ქაავანმა 35 წელი გაატარა ღარიბ და მოუვლელ ზოოპარკში, სადაც პარტნიორის დაღუპვის შემდეგ, 2012 წლიდან, სრულიად მარტო ცხოვრობდა.

კამბოჯაში ის ველური ბუნების თავშესაფარში იცხოვრებს და ღია სივრცეში გადაადგილება შეეძლება, სადაც მასთან ერთად უამრავი სხვა სპილოც იქნება.

ფოტო: Getty Images

"ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ, რომ ქაავანი აქაა. ის შესანიშნავი, შესანიშნავი ცხოველია", — თქვა შერმა.

ვეტერინარ დრ. ამირ ხალილის თქმით, ქაავანი ფრენის დროს სტრესში არ ყოფილა და ცოტა წაიძინა კიდეც, კამბოჯის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნეთ ფეაკტრამ კი განაცხადა, რომ ქვეყანა დიდი სიხარულით ეგებება ქაავანს.

"ის ამიერიდან მსოფლიოში ყველაზე მარტოსული სპილო აღარ იქნება. ქაავანს ადგილობრივ სპილოებთან შევაჯვარებთ, რათა გენოფონდი დავიცვათ", — თქვა მან.

ფოტო: Getty Images

თავშესაფრისკენ მოგზაურობის ბოლო ეტაპის დაწყებამდე ბუდისტმა ბერებმა ქაავანს ბანანები და საზამთრო მისცეს. მათ ის დალოცეს და მის გალიას წმინდა წყალი შეაპკურეს.

ქაავანის გათავისუფლება მას შემდეგ მოხერხდა, რაც წლების განმავლობაში Four Paws International-ის (FPI) აქტივისტები და შერი — რომელიც ველური ბუნების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის, Free the Wild-ის, ერთ-ერთი თანადამფუძნებელია — მის დასახმარებლად კამპანიას აწარმოებდნენ.

ფოტო: Getty Images

ქაავანი პაკისტანში, ისლამაბადში, მარგაზარის ზოოპარკის მთავარი "ღირსშესანიშნაობა" იყო, სადაც ის ხალხს ართობდა ხორთუმის აწევით, როცა პარალელურად მისი მომვლელი სპილოს ხარების კაკვს ურტყამდა — წნელს, რომელსაც ბოლოში ბასრი კაუჭი აქვს.

ქაავანის მდედრი მეწყვილე 2012 წელს დაიღუპა, მარტო დარჩენილ სპილოს კი, FPI-ის განმარტებით, "ზუქოზი" დაეწყო — მენტალური აშლილობის ტიპი, რომელსაც მარტო ყოფნა და ზოოპარკის ცუდი პირობები იწვევს. ჯაჭვებმა მის ფეხებზე სამუდამო იარები დატოვა, ცუდი კვების გამო კი ქაავანს საშინლად ჭარბი წონა ჰქონდა.

ფოტო: Getty Images

შერმა სპილოს გასათავისუფლებლად იურისტები დაიქირავა და როდესაც მაისში სასამართლომ მისი გათავისუფლების ბრძანება გასცა, მომღერალმა ამას საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი "ყველაზე დიდებული მომენტი" უწოდა. მალევე, სულაც, ის ზოოპარკი დაიხურა.

FPI-სა და ისლამაბადის ოფიციალური პირების ერთობლივი ძალისხმევით ცხოველი ზოოპარკიდან წამოიყვანეს. ამჟამად ზოოპარკში დარჩენილია ორი ჰიმალაიური მურა დათვი, ერთი ირემი და ერთი მაიმუნი.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ამავე თემაზე: