"რაც უნდათ, ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის გვეშინია", — ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

როგორც სააკაშვილი TV პირველის ეთერში ამბობს, ასეთ სიტუაციაში მათი ბრძოლა კიდევ უფრო დაჩქარდება.

"ჩვენი ხალხი შეჩვეულია ყველაფერს. მათ სცადეს ყველაფერი, ათასგვარი პროვოკაცია. ბოლოს და ბოლოს "ჩალიჩობენ", რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იქნებ ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე და ამით მაინც მოგვიშორონ და საქართველო დაადანაშაულონ ომში. ამაზე მეტი უბედურება, რაღა უნდა ჩაედინათ. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. საკუთარ დედასაც გაყიდის", — აღნიშნა სააკაშვილმა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს — არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.