თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ცდილობს, რასაც მოსახლეობა ხელს უშლის.

პოლიციამ დააკავა რამდენიმე აქტივისტი. მოსახლეობის ნაწილი პოლიციას ქვას ესვრის. ადილობრივები ცდილობენ, პოლიციის კორდონს ხელოვნური ბარიერი აღუმართოს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ ხალხს აქვს სახლი და მიწა და ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება.

"იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე", — განაცახად კახა კალაძემ.

რამდენიმე კვირით ადრე ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოუწოდა თბილისის მერიას, არ დაიწყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი და სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს იქ მცხოვრები ადამიანები.

EMC-ს თქმით, უნებართვოდ აშენებული შენობები, ხშირად, ერთადერთი თავშესაფარია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება, მსგავსი შენობების სასწრაფო დემონტაჟის შესახებ, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და არღვევს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს.