მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია, მერი, ამბობს, რომ ერთ ოჯახს პირად საჩუქარს უკეთებს. საჩუქრის ადრესატებად კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გმირი მამა-შვილი შეარჩია.

საუბარია ფოტოზე, რომელშიც ჩანს აფრიკის დასახლების მკვიდრი მამა-შვილი იმ ტრაქტორის ფონზე, რომელიც მოსახლეების სახლებს ანგრევდა. ფოტომ ფეისბუქმომხმარებლების კრიტიკა გამოიწვია და ის არაერთხელ შეადარეს კალაძის ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. ამ ფაქტს კალაძე კრიტიკით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ამდენი სიძულვილის ფონზე" ამ ოჯახს "გააბედნიერებს".

"მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი", — წერს კალაძე.

კალაძემ პოსტში რჩევებიც გასცა იმის შესახებ, რომ ბავშვები ანტიპიარისთვის არ უნდა გამოიყენონ.

"მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო...

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.
ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? — ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია", — წერს კალაძე.

დღეს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

ამავე თემაზე: