თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ აფრიკის დასახლების მკვიდრებს რეგიონებში სხვა ქონება აქვთ, მან ქონების მისამართებით ჩამოთვალა.

"მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6 000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა. მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1 255 კვ მიწის ნაკვეთს. მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3 302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს. მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში. მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1 300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ", — განაცხადა კალაძემ.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

ამავე თემაზე: