On.ge-ს ინფორმაციით, ელენე ნიჟარაძე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. ფორმულას ცნობით, მას თანამდებობა ISFED-ის სამეურვეო საბჭომ დაატოვებინა, თუმცა ბორდში ამაზე, ამ დროისთვის, არ საუბრობენ. On.ge-სთვის ცნობილია, რომ ხვალ გაიმართება ბორდის პრესკონფერენცია, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

თავად ელენე ნიჟარაძე On.ge-ს ზარებს არ პასუხუხობს. კითხვებს არ პასუხობს არც ორგანიზაციის პრესსამსახური. ISFED-ში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ბორდის პრესკონფერენცია ხვალ, 25 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ხმების პარალელური დათვლის შემდეგ, როცა ISFED ცდომილებაზე საუბრობდა, ცნობილი გახდა, რომ პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ინფორმაცია ამის შესახებ ISFED-მა გაავრცელა და ხმების პარალელური დათვლის ხელახალი შედეგები გამოქვეყნა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.

თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.

ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.

როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე გვაქვს უკანონო ქმედებებთან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ქართულმა ოცნებამ "უკანონოდ ან მიყურადების" ფორმით იცოდა და ოპოზიციას "მახეს უგებდა". ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ეს ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითია.

ელენე ნიჟარაძე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას უარყოფს, თუმცა არ იცის საიდან ჰქონდათ მათ ინფორმაცია ხარვეზთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე ფარულ მიყურადებასთან გვქონდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ISFED-ის განცხადების შემდეგ, მთელმა ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ამავე თემაზე: