ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე დაამტკიცეს. პარტიის ყრილობის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი იყო.

"მოგესალმებით, საქართველოში ერთადერთ პარტიას, რომელმაც შექმნა პრეცენდენტი და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დიახ, მის აქტივშია, ჩვენს აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ორივე — იერიშიც და უკან დახევაც. ასეთი არის ხალხის ნება. სხვადასხვა დროს ნაციონალური მოძრაობიდან, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვიცით, რომ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივია იბადება კითხვა — როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით ძლიერდება და გაძლიერებულა", — განაცხადა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ფეისბუქგამოკითხვით ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ 25 დეკემბერს აირჩიეს. მას თითქმის ორჯერ მეტი ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე ლევან ვარშალომიძეს.

20 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭომ 2 კანდიდატი დაასახელა — ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე – და განაცხადა, რომ თავმჯდომარის შერჩევის ახალ მოდელს ნერგავდა. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველა იმ პირს, რომელსააც კენჭისყრის დაწყების მომენტისათვის ენმ-ის ოფიციალური ფეისბუქგვერდი მოწონებული ან/და გამოწერილი ჰქონდა. კენჭისყრა დაიწყო 21 დეკემბრის 14:00 სთ-ზე და გაგრძელდა 25 დეკემბრის 21:00 საათამდე.

ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც. მან აღნიშნა რომ, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს კი მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.

გაიგეთ მეტი: