პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა და ეს მსოფლიოს მასშტაბის მოვლენა, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზეც აისახა. მხოლოდ, სხვა სფეროებთან შედარებით, პოზიტიურადაც კი.

ბევრისგან გვსმენია, რომ მსგავსი მასშტაბის პანდემია 90-იანებში რომ დაგვტყდომოდა თავს, ძალიან რთულად თუ გადავიტანდით. ამ აზრს მეც ვიზიარებ, რადგან სულ 20 წლის წინ ჩვენ არ მიგვიწვდებოდა ხელი ინტერნეტსა თუ სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროდუქტზე, რომელიც ყოველდღიურ ფუნქციონირებას გვიმარტივებს და სახლიდანაც შრომისუნარიანებს გვხდის.

სახლიდან მუშაობისა თუ განათლების დისტანციურად მიღების შესაძლებლობა ფუფუნებაა არაერთი ადამიანისთვის. თუ ერთი მხრივ, ამ კრიზისმა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობა დაგვანახა, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად არათანაბარ გარემოში ვცხოვრობთ.

მათ, ვისაც ლეპტოპები თუ სმარტფონები გვაქვს, შესაბამისად კი, ტექნოლოგიურ განვითარებას საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვცდით, არ გამოგვრჩებოდა ის, თუ როგორ გაიზარდა ციფრულ სერვისებზე მოთხოვნა და როგორ დაგვეხმარა ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლასა თუ მის გადატანაში. სტატიაში, ვეცდები, იმ 10 მნიშვნელოვან ამბავს მოვუყარო თავი, რომელიც 2020 წელს, ტექნოლოგიების სფეროში მოხდა და რა თქმა უნდა, ამ მოვლენებზე პანდემიის გავლენაც ძალიან დიდი იყო.

1. გაციფრულების გამოწვევა და Zoom, როგორც 2020 წლის ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური პროდუქტი

"ისმის ჩემი ხმა?" — ეს ფრაზა, ალბათ, 2020 წლიდან თითოეულ ჩვენგანს გაყვება, შეიძლება ისე, როგორც უშუქობის მოგონება 90-იანებიდან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ განათლებასა თუ მუშაობას ადამიანთა უმეტესობამ სწორედ 2020 წელს გაუგო გემო, მისი გამოცდილება სტუდენტებსა თუ დასაქმებულებში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლის პარალელურად იზრდებოდა. ანუ, სხვადასხვა სერვისის გაციფრულების პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, პანდემიამ ეს მხოლოდ დააჩქარა.

კარანტინის პერიოდში სახლიდან გაუსვლელად შეგვეძლო საკვებისა თუ სხვა ტიპის პროდუქტების ონლაინ შეძენა. მეორე მხრივ, სხვადასხვა სერვისი, რომლის მისაღებადაც ტრადიციულად, დაწესებულებაში მისვლა იყო საჭირო, დისტანციურად გახდა ხელმისაწვდომი. ბიზნესი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გაციფრულების გამოწვევის წინაშე დადგა, ხოლო ონლაინ პლატფორმებთან არც ისე მწყრალად მყოფ ბიზნესებს ფუნქციების გამრავალფეროვნებასა და დახვეწაზე ზრუნვა ფორს-მაჟორში მოუწიათ. მაგალითად, თუ კონკრეტული საბანკო სერვისის მისაღებად ადგილზე მისვლა გჭირდებოდათ, მსგავსი მომსახურების უზრუნველსაყოფად დისტანციური ვერიფიკაციის სისტემების შექმნა და გამოყენება დაიწყო საქართველოში. 2020-ში ერთ-ერთი ასეთი სტარტაპი Kvalifika იყო, რომელიც თავის პროდუქტში ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური დასწავლის მეთოდს იყენებს.

ფოტო: ტაილანდის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც Zoom-ში გაიმართა

სერვისების მიღების გარდა, 2020-ში, ტექნოლოგიების დახმარებით, გართობამაც სხვა სახე მიიღო. იმართებოდა ონლაინ კონცერტები, სხვადასხვა კონფერენციასა თუ ვორქშოპს კი ვიდეოკონფერენციების პლატფორმების დახმარებით ვესწრებოდით. ჩვენი სამომხმარებლო და პარალელურად, სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილების კვალდაკვალ, მსგავსი პლატფორმების ბაზარი 2020-მა საგრძნობლად გაზარდა. ლოგიკურიცაა, რომ ადამიანებმა უფრო აქტიურად დავიწყეთ ონლაინ სამუშაო სივრცეებისა თუ ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილი პლატფორმების გამოყენება. 2020 წლის გაზაფხულიდან ერთმანეთის მიყოლებით აქტიურდებოდნენ ისეთი სერვისები, რომლებიც ვიდეოზარებს გვთავაზობდნენ. მიუხედავად ტექნოლოგიური გიგანტების (მაგ. Facebook, Google) მცდელობებისა, გამორჩეული მაინც Zoom იყო — სერვისი, რომლის არსებობის შესახებაც უმეტესობამ 2020 წელს გაიგო, არადა, ეს კომპანია 2011-წლიდან არსებობს და ვითარდება.

თუ Zoom-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 2019 წლის დეკემბერში, დაახლოებით, 10 მილიონს აღწევდა, ეს რიცხვი 2-3 თვეში რეკორდულად გაიზარდა — მარტში Zoom-ს ყოველდღიურად 200 მილიონი ადამიანი მოიხმარდა, ხოლო აპრილში უკვე 300 მილიონი. ეს მაჩვენებელი და არამხოლოდ ეს, Zoom-ს 2020 წლის ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ პროდუქტად აქცევს,

2. 2020, როგორც 5G-ის ამოქმედების წელი და დილემა — ვიზრუნოთ ტექნოლოგიურ განვითარებაზე თუ შეთქმულების თეორიებს ვებრძოლოთ

ჯერ კიდევ 2019 წელს ვარაუდობდნენ, რომ 2020 წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა 5G ინტერნეტის ამოქმედება იქნებოდა. ამ ტექნოლოგიას შეუძლია განვითარების ახალ საფეხურზე გადაგვიყვანოს და ჩვენი ყოველდღიურობა გარდაქმნას. 5G-ის ამოქმედება გვპირდებოდა იმის შეცვლას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვისვენებთ, ვერთობით, ვმკურნალობთ და ა.შ. ეს 2020-ში, 5G-ის ნაცვლად ან მასზე მასშტაბურად COVID-19-მა შეძლო. 5G-იმ კი ადამიანებში შიშის საფუძვლები შეცვალა. მაშინ, როცა ვირუსის უნდა შეგვშინებოდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს 5G გვრიდა ძრწოლვასა და პანიკას. ადამიანები კი, რომლებიც ნიღბის ტარების აუცილებლობას არ აღიარებენ, 5G ანძებს წვავდნენ.

ფოტო: torchstoneglobal

კორონავირუსმა და 5G-იმ, ანუ ორმა ყველაზე დიდმა სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა, ისევე, როგორც სოციალურმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ ადვილად შეუძლია ყალბ ინფორმაციასა და ადამიანთა შიშებს ჩვენი დაყოფა. ხოლო როცა ვსვამთ კითხვას — ვიზრუნოთ განათლებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობაზე თუ განვითარებაზე, პასუხი შეიძლება იყოს — ორივე...

ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო 5G კომერციული მომსახურება, ნაწილში ამ ტექნოლოგიის დანერგვას უფრთხიან მთავრობები თუ კომპანიები, ნაწილში კი 5G ანძებს წვავენ. არადა, 5G-ის ნამდვილად აქვს პოტენციალი შეცვალოს ყველა სფერო, რომელშიც ფუნქციონირება გვიწევს. მასზეა დამოკიდებული ტელემედიცინა, რომელიც მედიცინაში ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას მოიცავს და პანდემიის პირობებში, ასე ძალიან გვჭირდებოდა. 5G უზრუნველყოფს ქუჩებში თვითმართვადი მანქანების უსაფრთხო გადაადგილებას, ქირურგები დისტანციურადაც შეძლებენ ოპერაციების ჩატარებას და გვექნება ნივთების ინტერნეტი (IOT), ანუ, ჭკვიანი მოწყობილობები ერთმანეთთან სწრაფი და შესაბამისად, ხარისხიანი კავშირის დამყარებას შეძლებენ.

ფოტო: eetimes.eu

3. Neuralink-ის პრეზენტაცია, ანუ ნაბიჯები ნეირონული ინტერფეისების სამომხმარებლო პროდუქტად ქცევისკენ

და აი, 2020-ის თანმდევ კიდევ ერთ შიშზე უნდა გადავიდე, რომელიც მანამდეც იყო აქტუალური, სანამ კორონავირუსის ვაქცინას შექმნიდნენ. ილონ მასკის კომპანია – Neuralink ტვინისა და კომპიუტერის დასაკავშირებლად სპეციალური მოწყობილობის – ნეირონული ინტერფეისის შექმნაზე წლებია მუშაობს. 2020 წლის აგვისტოში კომპანიამ პრეზენტაცია გამართა, სადაც მიღწეული პროგრესი წარგვიდგინა. აღსანიშნავია, რომ Neuralink-ის მოწყობილობა სამეცნიერო სიახლეს არ წარმოადგენს. იმპლანტებს, რომლებიც პაციენტებს სხვადასხვა კუთხით ეხმარება, რამდენიმე წელია, რაც იყენებენ მედიცინაში. თუმცა, ისინი ექსპერიმენტულ ჩარჩოებს არასდროს გაცდენილა. ეს პრეზენტაცია კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ როგორც ილონ მასკი გვპირდება, მოწყობილობის ყიდვას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, ისევე, როგორც მის გასართობი თუ შემეცნებითი მიზნებისთვის გამოყენებას.

მთავარი სიხალეები, რომლებიც პრეზენტაციაზე წარგვიდგინეს, ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის მასობრივი დაკავშირების პრაქტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს. სამი საცდელი ღორი, რომელსაც იმპლანტი არ აქვს, აქვს და რომელსაც წარსულში ჰქონდა ამ ცნობილი პრეზენტაციის მთავარი გმირები იყვნენ. გარდა ამისა, ღონისძიების მიმდინარეობისას ვიხილეთ რობოტი, რომელსაც იმპლანტაციის პროცედურის ჩატარება, სავარაუდოდ, ერთი საათში შეეძლება. პროცედურა, შეიძლება, ანესთეზიის გარეშე ჩატარდეს. პაციენტი კი სამედიცინო დაწესებულების დატოვებას ოპერაციის დღესვე შეძლებს.

4. რობოტები, როგორც სამედიცინო პერსონალის დამხმარეები

მაშინ, როცა ჯანდაცვის სფერო კოლაფსის წინაშე იდგა, კლინიკების ნაწილმა რობოტების დახმარების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, Boston Dynamics-ის ცნობილი რობოძაღლი Spot, ბოსტონში, Brigham and Women’s-ის ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებულების მიღებასა და მოვლაში ეხმარებოდა ექიმებს. ეს რობოტების რეალურ ცხოვრებაში, რეალურ გამოწვევებთან გამკლავებაში გამოყენების საკმაოდ შთამბეჭდავი მაგალითია და ადამიანებისა და რობოტების მეგობრობის დიდი დასაწყისიც. სხვა მხრივ კი, კარანტინში მყოფ ადამიანებს საკვებს რობოტები ურიგებდნენ. იაპონიაში, გამოსაშვებ ღონისძიებასაც კი ესწრებოდნენ სტუდენტები რობოტების დახმარებით. ზოგადად, პანდემიამ დაგვანახა, რომ არსებობს საფრთხისშემცველი სამუშაო პირობები, რომელში დახმარებაც, ნორმალურია, რობოტებს ვთხოვოთ. რამდენად მზადაა რობოტიკის სფერო ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად? ან რამდენად შეგვიძლია ვენდოთ რობოტ თანამშრომლებს? — ეს ის კითხვებია, რომლებსაც დღემდე განიხილავენ. ამ განხილვის პარალელურად კი ვხედავთ Boston Dynamics-ის მრავალფუნქციურ რობოტებს, რომლებიც ხან ფარას მწყემსავენ, ხან მარსის კვლევისთვის ემზადებიან და ხანაც, ზოგ ჩვენგანზე კარგად ცეკვავენ.

5. ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შეაჩერეს საკუთარ პროდუქტებზე მუშაობა და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაებნენ

2020 არნახული გლობალური კოლაბორაციის წელი იყო. ვინც როგორ ახერხებდა, ისე ცდილობდა ვირუსთან ბრძოლაში წვლილი შეეტანა. მაგალითად, Tesla და General Motors სასუნთქ აპარატებს აწარმოებდნენ, პარფიუმერული კომპანიები კი სადეზინფექციო ხსნარებს. ამ მხრივ, საინტერესო იყო საქართველოში გააქტიურებული სტარტაპები, რომლებიც ერთი მხრივ, ქვეყნის ციფრული გამოწვევების გამკლავებაში იყვნენ ჩართულები, მეორე მხრივ კი ქმნიდნენ მოწყობილობებს, რომლებიც კრიტიკულ მომენტში, ძალიან საჭირო იყო. მაგალითად, Edison-ის სასუნთქი აპარატი და დავით მიზანდარის ვირუსების წინააღმდეგ მებრძოლი ელექტრონიღაბი MIZ-Mask შეგვიძლია მოვიყვანოთ. სხვა მხრივ კი, იქმნებოდა ალგორითმები, რომლითაც კორონავირუსის ადრეულ დიაგნოსტირებას ცდილობდნენ AI ინჟინრები.

6. სუპერკომპიუტერები კორონავირუსთან ბრძოლაში

ამ ეტაპზე, სუპერკომპიუტერების პოტენციალს ბოლომდე არ ვიყენებთ, თუმცა, გლობალური გამოწვევას ეს ტექნოლოგია უკვე შევუპირისპირეთ. მათი გამოთვლითი სიმძლავრე მეცნიერებმა კორონავირუსის კვლევისთვის გამოიყენეს. მაგალითად, ტოკიოში მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აღიარებული სუპერკომპიუტერი - Fugaku კორონავირუსის გავრცელების სიმულაციის გასაკეთებლად გამოიყენეს. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ვირუსის გადადების რისკი ტენიანობაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, IBM-ის სუპერკომპიუტერმა ჯერ კიდევ მარტში შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო ნაერთები ამოეცნო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სუპერკომპიუტერები აღჭურვილნი არიან ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მოწყობილობას, ამ შემთხვევაში, მილიონობით განსხვავებულ კომბინაციას შორის 77 ვარიანტის განსაზღვრაში დაეხმარა. ეს კი, კორონავირუსის ვაქცინის მიღების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

7. Sony Playstation 5, გადადებების მიუხედავად, 2020-ში გამოვიდა

PS5-ს გეიმერები სულმოუთქმელად ელოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზენტაცია რამდენჯერმე გადაიდო, ის მაინც 2020 წელს გამოვიდა. PS5-ს მოდიფიცირებული 8-ბირთვიანი AMD Zen 2 პროცესორი აქვს, რომლის ტაქტური (ცვალებადი) სიხშირე 3.5 გჰც-ს შეადგენს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, მის ადგილს AMD RDNA 2-ის ბაზაზე შექმნილი ვიდეობარათი იკავებს, რომლის სიმძლავრეც 10.28 ტერაფლოპს აღწევს.

PlayStation 5-ის მნიშვნელოვანი კომპონენტი მის დაპატენტებულ 825 გიგაბაიტიან SSD-ის უკავშირდება, რომლის წარმადობა 5.5 გბ/წმ შეადგენს. PS5-ს 8K გაფართოებასთან ერთად, 120 ჰც-იანი განახლების სიხშირე, ასევე, 4K გრაფიკისა და 3D აუდიო ჟღერადობის მხარდაჭერაც აქვს. ეს ყველაფერი კი PS5-ს გეიმერების საოცნებო კონსოლად აქცევს.

8. Apple და Google კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გაერთიანდნენ

Apple და Google გაერთიანდნენ API-ს შესაქმნელად, რომელიც ამ ორი კომპანიის მომხმარებელს კორონავირუსის კონტაქტების დადგენაში ეხმარება. ეს უპრეცედენტო კოლაბორაციაა, რომელიც ასევე პანდემიამ მოუტანა ტექნოლოგიურ ინდუსტრიას. ალბათ, Apple-ისა და Google-ის დეველოპერებს ერთად მუშაობის შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონდათ და დიდი შანსია, რომ მომავალშიც არ ჰქონდეთ. ფაქტია, რომ მათ ერთობლივად შექმნეს პროდუქტი, რომელსაც ამჟამად უამრავ ქვეყანაში იყენებენ კორონავირუსის კონტაქტების დასადგენად.

API-ს დახმარებით, მომხმარებლები ინფორმაციას Bluetooth Low Energy-ის (BLE) ცვლიან. მისი მუშაობის პრინციპი კი შემდეგია – ის ბლუთუსის დახმარებით, თავს უყრის ინფორმაციას თქვენს სმარტფონთან ახლოს, 5 წუთის განმავლობაში მყოფი სმარტფონების შესახებ, იქნება ეს iOS, თუ Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობა. შემდეგ, თუ რომელიმე მომხმარებელს, რომელიც თქვენთან ახლოს იყო და თქვენმა აპლიკაცია ის შესაძლო კონტაქტად მონიშნა, დაუდგინდება კორონავირუსი, თქვენ გეცნობებათ, რომ მინიმუმ, თვითიზოლაციის საჭიროების წინაშე დგახართ.

9. "ცოცხალი" და ოფლმდინარე რობოტები

მედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მცირე ზომის ბიოლოგიური "რობოტები" შექმნეს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, ზოგი მათგანი კი მცირე ზომის "ტვირთის" გადატანასაც ახერხებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ქსენობოტებას წოდებული ორგანიზმები მრავალი სამუშაოს შესრულებას შეძლებენ, მაგალითად, გაასუფთავებენ სისხლძარღვებს ან გადაამუშავებენ მიკროპლასტმასს ოკეანეში.

მეორე მხრივ კი, რობოტიკაში გარდამტეხი მოვლენის პოტენციალის მქონე რამ მოხდა — შექმნეს რობოტი, რომელიც გადახურების შემდეგ ოფლს იდენს. ნებისმიერ აქტივობას თან ახლავს სითბოს გამოყოფა, გამაგრილებელი სისტემის გარეშე კი გადახურების საფრთხე ჩნდება. ადამიანები ამ საფრთხეს ოფლის გამოყოფის საშუალებით ვუმკლავდებით, თუმცა მალე, შესაძლოა, ეს უნარი რობოტებმაც შეიძინონ. რადგან ინჟინრებმა პატარა რობოტი — სამთითა მომჭერი შექმნეს, რომელსაც "საოფლე ჯირკვლები" აქვს.

მომჭერის თითების შიგნით ჰერმეტული რეზერვუარებია მოთავსებული. ისინი წყლითაა ამოვსებული და ზედაპირს პლასტმასის მილაკებით უკავშირდება. როდესაც პლასტმასი გარკვეულ ტემპერატურას მიაღწევს ფორები იხსნება და წყალი ზედაპირზე გადმოდის.

10. კვანტური ტელეპორტაცია შორ მანძილზე და ინტერნეტის მომავალი

შორეულ მანძილზე მდგრადი კვანტური ტელეპორტაცია პირველად იქნა მიღწეული, რაც ნიშნავს, რომ კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება. ამან შეიძლება ძირეულად შეცვალოს მონაცემთა შენახვის, ზუსტი ზონდირებისა და გამოთვლის სფეროები.

გუნდმა, რომელიც თანამშრომლობდა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ფერმილაბთან, ასევე, კალგარის უნივერსიტეტთან და სხვა პარტნიორებთან, მოახერხა ფოტონის კუბიტის 44 ბოჭკოვან კილომეტრზე ტელეპორტაცია.

კვანტური გადახლართულობის საშუალებით, ორი ნაწილაკი ცალკეულ ადგილებში ერთმანეთთან უხილავი ძალით არის დაკავშირებული. მანძილის მიუხედავად, მათ შორის შეიძლება გადაიტანო დაშიფრული ინფორმაცია, რომელსაც "გადახლართული" წყვილი ნაწილაკები აზიარებენ. სწორედ ამ კვანტური კუბიტების, კვანტური გამოთვლის ძირითადი ერთეულების გაზიარებით, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ შექმნიან კვანტური კომპიუტერების ქსელებს, რომლებსაც უსწრაფესად შეეძლებათ ინფორმაციის გაზიარება.

2020-მა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად რთული ამოცანაა მომავლის პროგნოზირება თუ სწორი მოლოდინების ქონა. თუმცა, მაინც გვაქვს საფუძველი 2021 წლისთვის ტექნოლოგიური ვარაუდები გვქონდეს. ტექნოლოგიური სფერო, ისევე, როგორც სოციალური გარემო, რომელშიც ვფუნქციონირებთ, გამუდმებით იცვლება და ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით. ეს, მინიმუმ, საინტერესოა, ისევე, როგორც ის, თუ რა იქნება შემდეგ. ამიტომ, შეგიძლიათ "მოემზადოთ მომავლისთვის" და წაიკითხოთ შემდეგი სტატია: