რომის პაპმა ის ადამიანები გააკრიტიკა, ვინც კარანტინის თავიდან ასაცილებლად სადღესასწაულოდ საზღვარგარეთ მოიწყო შვებულება. ფრანცისკეს თქმით, მათ მეტი უნდა იცოდნენ სხვა ადამიანების მდგომარეობის შესახებ.

ყოველკვირეულ შუადღის ლოცვაზე კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზეთიდან იმ ადამიანების შესახებ შეიტყო, ვინც მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გართობის საზღვარგარეთ ძიებაში გაექცა.

"მათ არ იფიქრეს იმ ადამიანებზე, ვინც სახლში რჩებოდა; არ იფიქრეს მათზე, ვისაც ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, ვისაც კარანტინმა მძიმე მდგომარეობა შეუქმნა; არ იფიქრეს არც დაავადებულებზე — მათ მხოლოდ შვეულებაში წასვლაზე და მხიარულებაზე იფიქრეს. ამ ფაქტმა კი ძალიან შემაწუხა", — განაცხადა პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული ღონისძიების ნაცვლად, ვიდეომიმართვა ვატიკანის სასახლიდან გაავრცელა.

"ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს 2021, თუმცა რისი გაკეთებაც ყველა ჩვენგანს შეუძლია — ეს ერთმანეთზე ზრუნვის ცოტათი მეტი მცდელობაა", — დასძინა ფრანცისკემ ახალი წლის მილოცვისას, — "მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის ცდუნებაც დიდია".

პაპმა გასულ წელს ის ადამიანებიც გააკრიტიკა, ვინც პირბადის ტარებაზე უარს ამბობდა. ფრანცისკეს თქმით, ისინი "საკუთარი ინტერესების პატარა სამყაროში" იყვნენ მოქცეულნი. წლევანდელი საშობაო მიმართვისას კათოლიკე ეკლესიის ლიდერმა კორონავირუსის ვაქცინის ხელმისაწვდომობასაც გაუსვა ხაზი და სახელმწიფო მესვეურებს მოუწოდა, ამის უზრუნველყოფა მოახერხონ.

COVID-19-ით ამ დრომდე 84 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 1,83 მილიონი კი გარდაიცვალა. ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ბევრმა ქვეყანამ სადღესასწაულო პერიოდში დამატებითი შეზღუდვები შემოიღო.