კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით მელაშვილმა TV პირველთან კომენტარი უკვე გააკეთა. მისი განცხადებით, ეს შესაძლოა ყოფილიყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც "პროვოკაციებს აწყობს ხოლმე".

"მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ პროვოკაციაა, თავდასხმა, უკვე გადაღებულია? მე ვფიქრობ, რომ პროპაგანდის არის თუ ვიღაცებმა რაღაც გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგი შეიძლება იყოს. არაფერი ისეთი არ მომხდარა, უბრალოდ რაღაც მაკადრა, ხმამაღლა მელაპარაკა და ეგ იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს, ალბათ ერთ-ერთი მათგანია, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", — განაცხადა მან.

ამის შესახებ კომენტარი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც მშვენიერაძის განცხადებით, საკუთარი "პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ".

"ივერი მელაშვილს, დღეს ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს", — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.