პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა ცუდი გზავნილია. ელისაშვილის შეფასებით, ქართულ ოცნებას უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, რომელიც ნაბიჯებს გადადგამდა სიტუაციის განმუხტვისთვის და მზად იქნებოდა მოლაპარაკებებისთვის.

"ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს, ალბათ ერთ-ერთი უარესი, რომელიც შეეძლო ქართულ ოცნებას შეერჩია [...] ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც ნაციონალების ცოცხლად შეჭმა უნდა ლამის. ეს მანიშნებელია, რომ ვერანაირი დასკვნა ქართულ ოცნებას ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოაქვს. განაგრძობენ ჯიუტად დაპირისპირებისა და ესკალაციის პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი და იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება კუნთების თამაშს განაგრძობს", — ამბობს მოქალაქეების ლიდერი.

ქართული ოცნების პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი უკვე მეორედ გახდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს მან წარუდგინა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მისივე განცხადებით, ღარიბაშვილის მინისტრობისა და პრემიერმინისტრობისას განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ის არის "გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი", რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

მმართველმა გუნდმა კანდიდატი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში წარადგინა. გახარიამ პოსტი 18 თებერვლის დილას დატოვა და ამის მიზეზად ნიკა მელიას საქმეზე თანაგუნდელებთან აზრთასხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".