შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს ქობულეთში, 14 წლის ბავშვის თვითმკვლელობის, ასევე, კახეთში 10 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეებზე საუბრისას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას აკეთებს შსს ამ ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. შს მინისტრობის კანდიდატმა კითხვას ასე უპასუხა:

"ზეპირად მე ვერ გეტყვით, ჩამოწერილი არ მაქვს თან წამოღებული, მაგრამ იგივე განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ბევრი, მე როგორც ვიცი, იგივე ინფორმირება ამ ახალგაზრდების, არის ჯგუფები, არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით", — თქვა შს მინისტრობის კანდიდატმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამ ტიპის შემთხვევებზე პასუხისმგებლობა არამარტო სახელმწიფოს, არამედ, საზოგადოებასაც ეკისრება.

"მართლა მძიმე თემაა, ნამდვილად მძიმე თემაა. [კომიტეტზე] კითხვა დამისვეს, ვგრძნობდი თუ არა პასუხისმგებლობას 14 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი გრძნობს პასუხისმგებლობას, უძიმესი თემაა, ძალიან მძიმეა. ყველამ რომ წარმოვიდგინოთ ერთი წამითაც ჩვენი ოჯახის წევრები და ასეთი შემთხვევა... უმძიმესია. ეს მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალეულობა ვერ იქნება, ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების. დიდი პრობლემებია. შეიძლება არის გახმაურებული საქმეები, მაგრამ არის, რომელიც გახმაურებული არ არის. სამწუხაროდ, ხდება, ბევრი ხდება ასეთი შემთხვევა. ჩვენც რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. შეიძლება კიდევ მეტია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ უცხოელ კოლეგებთან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს და არამარტო სახელმწიფო და ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვაკეთებთ, რა თქმა უნდა", — თქვა გომელაურმა.

ლაგოდეხში 30 წლის კაცი 10 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ოჯახში სტუმრად იყო, როცა კაცმა სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

მანამდე, 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. იმ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერი იყო თვითმკვლელობაზე.