თბილისში, ალექსანდროვის ბაღში ქალთან ჯგუფმა საპროტესტო აქცია მოაწყო და ქალების მიმართ ძალადობა გააპროტესტა. აქცია გამოძახილია ბოლო დროს გახმაურებული საქმეებზე, მათ შორის, ქობულეთის ტრაგედიაზე, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აქციის ორგანიზატორები არიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანება და ფეისბუქ-ჯგუფი სივრცე ქალური საუბრებისთვის. ბაღში შეკრებილი ქალები სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე, თავიანთ გამოცდილებასა და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობენ.

ფოტო: On.ge/ანა ვახტანგაძე

ფეისბუქჯგუფის ხელმძღვანელი, თამარ ფონიავა ამბობს, რომ მათ ჯგუფში ქალები მუდმივად საუბრობენ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ისტორიებზე. დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მიზანია, ხმა მიაწვდინონ სხვა ქალებს და გააგებინონ, რომ მარტო არ არიან.

"ჯგუფის თემის დაკავშირება მოხდა, როცა გავიგეთ 14 წლის გოგოს ტრაგიკულ ამბავზე და წინა კვირაში ვნახეთ, რომ 10 წლის ბავშვი გააუპატიურეს. ამიტომ გამოვედით, რომ გავაპროტესტოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ აქ ვართ, გვესმის ამ ადამიანების და გვაქვს საერთო პრობლემა. სექსუალური შევიწროება არაა ერთი ქალის პრობლემა, ეს ყველა ქალის პრობლემაა", — ამბობს თამარ ფონიავა.

ფოტო: On.ge/ანა ვახტანაგძე

აქციაზე განიხილეს სოციალური მუშაკების სიმცირის პრობლემაც.

"ჩვენთან არის ძალიან მძიმე რეალობა, რადგან იმ სამსახური, რომელიც ბავშვთა დაცვის კუთხით მუშაობს და რომელთაც აქვს ოჯახის ზღურბლზე გადაბიჯების ლეგიტიმაცია, არის კადრების დეფიციტი.

იმ რეგიონში სადაც ეს ტრაგედია მოხდა, მთელ ქობულეთში, რომელსაც 20-მდე სოფელი და ორი დაბა აბარია, ერთადერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. მაშინ, როცა გეოგრაფიულადაც ძალიან განფენილია და მოსახლეობა 74 ათასია. სახელმწიფომ რატომღაც ჩათვალა, რომ ერთ სოციალურ მუშაკს შეუძლია გადაარჩინოს ყველა ის ბავშვი რომელიც ოჯახმა ვერ დაიცვა ან გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი", — ამბობს სოციალურ მუშაკი, ქეთევან ხუციშვილი.

ალექსანდროვის ბაღში შეკრებილი ქალები ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი, გადამზადდნენ სამართალდამცველები და გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა.

გაიგეთ მეტი: